შემოქმედის “ქვასვეტი”
.
ფრედერიკ დიუბუა დე მონპრეს ალბომში არსებული შემოქმედის მონასტერის ილუსტრაციაზე აშკარად თვალში გვხვდება მონასტრის ეზოს წინ ორ დამუშავებულ ქვაზე გადებული გიგანტური გათლილი ქვა. ასევე იქვე დევს მეორე მოზრდილი წრის ფორმის ქვა. მათი აღწერისას დიუბუა საუბრობს მიწაზე დადებული ქვის სიმაღლეზე, ანუ მისი აზრით ქვა ადრე აღმართული უნდა ყოფილიყო, შესაბამისად მისი აზრით ეს იყო ე.წ. ქვასვეტი (მენჰირი), ხოლო წრის ფორმის ქვა სამსხვეპლო უნდა ყოფილიყო. ასეთ ქვასვეტებზე გურიაში გადმოცემები ძალიან ბევრია და ყველა მათგანი ქრისტიანობამდელ პერიოდთან უნდა იყოს დაკავშირებული.
.
დიუბუა წერს: „ცაცხვის ქვეშ არის დიდი გათლილი ქვა, სიფართით შვიდი ფუტი, სისქით სამი ფუტი და ოცნახევარი ფუტის სიმაღლის: იგი დევს ორ ქვაზე. მის გვერდით არის სხვა მრგვალი ფორმის მქონე ქვა, რომლის ზედან ნაწილი გათლილია და მაგიდასავით სწორია. სავარაუდოდ ეს გურიის ადრინდელ მცხოვრებთა მსხვეპლშესაწირი ქვა გახლავთ.“
.
ეს ქვები გურიაში 1850 წელს მყოფმა ნიკოლოზ დინკელ ველიგმაც ნახა – „ვრცელი და ნათელია მიტროპოლიტის სახლი, მე იქ შევხვდი ღვაწლმოსილ მოხუც ბერს – მიტროპოლიტ დავითს. სადაც კეთილი გულით შემოგვთავაზეს მოკრძალებული ვახშამი, რომლის შემდეგაც მოვთავსდი ხეებს შორის გიგანტური ქვისაგან გაკეთებულ სკამზე, საიდანაც ვტკბებოდი მონასტრის მთის მწვერვალიდან გადაშლილი ხედებით.“
.
შტაბსკაპიტანი ლავრენტიევი თავის აღწერაში საუბრობს ამ ქვებზე, რა დროსაც ახსნებს, რომ დიუბუამ ეს ქვები წარმართულ სამსხვეპლოდ მიიჩნია, რაც ლავრენტიევს არასწორად მიაჩნია და აქვე ამბობს, რომ ადგილობრივი ბერების განმარტებით ეს ქვები გურიელების მოსასვენებელ ადგილს წარმოადგენდა.
.
თუ გავითვალისწინებთ ფუტის მეტრთან შესაბამისობას, დიუბუას აღწერით ქვის სისქე ყოფილა 0.91 მეტრი, სიმაღლე (სიგრძე) 6,25 მეტრი, სიფართე 2.15 მეტრი, ანუ ქვა დაახლოებით სამი კუბომეტრზე მეტი გახლდათ და მისი წონა 7 ტონაზე მეტი უნდა ყოფილიყო (გრანიტ/პორფირი 1 კბ/მ – 2600 კგ.), შესაბამისად მისი შემოქმედის მონასტრის მთის კონცხზე ატანა არ უნდა ყოფილიყო ადვილი საქმე. მითუმეტეს, რომ სადგამად გამოყენებული ორი ქვაც ამ მთავარი ქვის ნაწილი უნდა ყოფილიყო თავის დროზე. შესაბამისად დიუბუას მოსაზრება რომ შემოქმედის მონასტერთან არსებულ ქვებს უძველეს დროში საკულტო დანიშნულება უნდა ჰქონოდა საფუძვლიანი უნდა იყოს, რადგანაც ეკლესიები სწორედაც, რომ საკულტო ადგილებზე შენდებოდა და გურიელები მოსასვენებლად ასეთი ზომისა და წონის ქვას მთაზე არ აიტანდნენ.
.
დიდი ქვა ამჟმამად შემოქმედის მონასტერთან არსებულ საფლავებს შორისაა ჩაფლული მიწაში და მისი მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანს. რაც შეეხება ცაცხვს ადგილობრივთა გადმოცემით ხუთი წლის უკან შუაზე ჩამოიხლიჩა და ერთი ან ორი წლის წინ მოჭრაეს, ხის ძირში ახლაც დევს უზარმაზარი ლოდი.
.
– Библіотека для чтенія 1840 г. – Путишествія по южнымъ областямъ Россіи Дюбоа де Монпре. Демидова статья первая
– Статистическія щписанія губерній и облатей Россійской имперіи; Кутаисское Генералъ-губернаторство – Описаніе замечатеьнѣйшихъ монастырей т. V 1858 г. Штабсъ-капитанъ Лаврентьевъ.
– Каказ 1853 г. №77; 78;82; 87; 1854 №10; Н. Дункель-Веллинг „Изъ Записокъ о Гуріи“;
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა