“ზუსტად ამაშია სამოსამართლეო ძალა, ამაშია სიმართლის ძალა, მართლმსაჯულების ძალა, რომ ნაკლებად საინტერესოა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის აზრი, განწყობა და კრიტიკა”, – განუცხადა “მთავარ არხს” თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ.
მისივე თქმით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმების გადაწყვეტილება არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო და მის სამართლიანობაში არც დღეს ეპარება ეჭვი.
“მე დარწმუნებული ვარ, ახლაც ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემი გადაწყვეტილება არის კანონიერი, სამართლიანი. ეს გადაწყვეტილება მიიღე არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. სასამართლომ თავისი ინიციატივით მოახდინა ამ მტკიცებულებების გამოკვლევა. რადგან დღეს უკვე სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის წარმოება, მე არ შემიძლია, სამოსამართლეო ეთიკის მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე, ამ საქმის დეტალებზე ვისაუბრო.
ზოგადად, სამოსამართლეო საქმიანობის მთავარი ფუნქცია და ამოცანაა, რომ იზეიმოს კანონმა, იზეიმოს სამართალმა და საქმის განხილვის პროცესში, როდესაც მხარეებმა დააყენეს და წარმოადგინეს თავიანთი პოზიციები, მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამ მოცემულ საქმეზე, სამართლიანი სასამართლოსა და ასევე კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების წარმოდგენა და სამართლის საკუთარი თვალით, მხარეების თანამონაწილეობით, საზოგადოების თვალწინ ენახა ეს მტკიცებულებები, გამერკვია, გამოეკვლია და მიეღო ის ერთადერთი ობიექტური, სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან, მტკიცებულებებიდან, კანონიდან და მოსამართლის შინაგანი რწმენიდან.
ზუსტად ამაშია სამოსამართლეო ძალა, ამაშია სიმართლის ძალა, მართლმსაჯულების ძალა, რომ ნაკლებად საინტერესოა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის აზრი, განწყობა და კრიტიკა. ჩვენთვის მთავარია, სასამართლოსთვის მთავარია, მოსამართლისთვის მთავარია მედეგობა, პრინციპულობა და კანონის უზენაესობა. მან უნდა მიიღოს იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც მისი გადმოსახედიდან, მისი სამოსამართლეო ფიციდან გამომდინარე, მისი სინდისიდან არის სამართლიანი და კანონიერი. სხვა დანარჩენი სასამართლოსათვის არის ნაკლებ მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ხუჭუამ.
შეგახსენებთ, გუშინ, 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი. ცესკო ამ გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს.