რა ინტერესები აქვს ივანიშვილის დეიდაშვილს ჰესების ბიზნესში? – საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელმა, ირაკლი აბესაძე მინიმუმ 8 ჰესი დათვალა, რომლის მშენებლობის უფლებაც მამაცაშვილის ცოლის ძმას ერთ დღეში მისცეს. განკაგულებები 4 ნოემბრით თარიღდება. ირაკლი აბესაძე დარწმუნებულია, რომ გარიგება შედგა – მცირე ჰესები კი ივანიშვილის ახლობლებისთვის დიდი ფულის შოვნის ახალი გზა ხდება.
უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმა კოკა კოკოლაშვილია, მას აქამდე მოცვის ბაღების ბიზნესი ჰქონდა. ამ საქმისთვისაც მიწა ექსპრემიერ ღარიბაშვილის განკარგულებით კაპიკებად მიიღო და მოცვიც სახელმწიფოს დახმარებით მოაშენა. ახლა მთავრობის ნებართვა აქვს მინიმუმ 8 ჰესზე, ბოსლევი ჰესი, წყალთაშუა ჰესი, კორიში და სხვები – ეს წელიწადში რამდენიმე მილიონის შემოსავალია.
ჰესებში მხოლოდ მამაცაშვილის ოჯახის ინტერესები არ ჩანს – ირაკლი კობახიძის ახალ განკარგულებებში გამოჩნდა ნებართვა გოჩა ენუქიძისთვისაც, რომელიც მილიონერ დეპუტატთა სიასთან ერთად საპატიო ადგილს მდუმარე დეპუტატების სიაშიც იკავებს. ენუქიძის კომპანია “საკაურა ჰესის” პროექტს მთავრობასთან უკვე ათანხმებს.