ქუთაისელ ჟურნალისტსა და მწერალს ნანული ცხვედიანს ეკუთვნის საინტერესო ნაშრომი “ებრაელები ქუთაისში”, სადაც მათი ცხოვრების წესისა და ტრადიციების შესახებ უცნობ დეტალებს წერს. ებრაელები ქუთაისში უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ, მათი რიცხვი მე-18 საუკუნეში განსაკუთრებით გაიზარდა. ისინი დაკავებულნი იყვნენ ვაჭრობით და საკმაოდ წარმატებულადაც.
“ფეისბუქის” პირად გვერდზე ნანული ცხვედიანის ნაშრომიდან მკითხველს საინტერესო ფრაგმენტს სთავაზობს, რომელშიც საუბრობს ქუთაისში მცხოვრები ებრაელი ვაჭრების საიდუმლო ენაზე, რომლის ნარჩენებიც ქართულ ენაში დღემდე შემორჩა…
მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დამდეგს, საგუბერნიო ქალაქში აღებ-მიცემობისა და სავაჭრო ურთიერთობის განვითარების პირობებში, შეიქმნა ქუთაისელ ებრაელთა „საიდუმლო-სავაჭრო ენა“. ამ თავისებური, პირობითი ენის დანიშნულებას, უმთავრესად, კლიენტებისაგან ვაჭრობის საიდუმლოს დაცვა წარმოადგენდა. როგორც მკვლევარი ილია პაპისიმედოვი აღნიშნავდა, თვით ებრაელები ამ ჟარგონულ მეტყველებას „ყივრულს“ უწოდებდნენ, რაც დაკავშირებულია სიტყვასთან “ყიბრი”. მას დიდი გამოყენება ჰქონდა ვაჭართა შორის და უმთავრესად, შეამხანაგებული ებრაელი ვაჭრები მიმართავდნენ საჯარო ბაზრობებზე, ზოგადად ებრაელთა საყოფაცხოვრებო მეტყველებაში კი შედარებით მცირე, თუმცა გარკვეული ადგილი ეჭირა. ზოგიერთ სიტყვასა და გამოთქმას ქართული მოსახლეობაც იყენებდა.
მაინც, რას წარმოადგენდა „საიდუმლო-სავაჭრო ენა?” ეს იყო ებრაული სიტყვების ძირებზე ქართული პრეფიქს-სუფიქსების დართვით მიღებული ლექსიკური ერთეულები. ილია პაპისიმედოვს მაგალითად მოჰყავს “ვისოხარე.“ ქართული გაგებით ეს სიტყვა ნიშნავს: “ვივაჭრე.“ მკვლევარის თქმით, ის წარმოებული უნდა იყოს ძველი ებრაული სიტყვისაგან “სოხერ“ – ვაჭარი. ამ შემთხვევაში, პაპისიმედოვის აზრით, სიტყვის ძველებრაულ ძირს დაერთვის „ვი“ და „ე“ ქართული აფიქსები.
ასეთივე ფორმითაა გადმოცემული სიტყვა „გავხრიდე“, რაც ქართული გაგებით ნიშნავს: “გავყიდე“. სიტყვა „მოვატოვე“ ნიშნავს: “მოვატყუე.“ გარდა ამისა, ზოგიერთი სიტყვა ხმარებულია გადატანითი მნიშვნელობითაც. მაგ. სიტყვა „დაუადე“ ქართული გაგებით ნიშნავს: “მიეცი“. ის წარმოებული უნდა იყოს ძველი ებრაული სიტყვისაგან “იად“, რაც ნიშნავს ხელს.
მკვლევარ ილია პაპისიმედოვს 107 ასეთი სიტყვა და მისი ქართული შესატყვისი მოჰყავს თავის ნაშრომში.
მათ შორის: აამსევრე (აიღე, აიყვანე), გაამსევრე (გაატანე), გაშეყერდა (გადაიფიქრა), დააფანიერე (დამალე), დააგანაბა(მოიპარა), დალეხდა (წავიდა), დავაქამე (მოვატყუე), დავლაილავდეთ (დავბინავდეთ, ღამე გავათიოთ), დაჩიშმე (გასინჯე, შეხედე), ეთომარე (ელაპარაკე), ლევანი (თუმანი), მამონი (საქონელი, ქონება), მოუბრიდე (მოუხიე, მოუჭერი), სათოხლავი (საჭმელი), სეფერი (სავაჭრო მოწმობა, პირადობა), ქელები (ძაღლი. გადატ. მნიშვნელობით – პოლიციელი, სააქციზოს ჩინოვნიკი), შეკერი (ტყუილი), ქესეფი (ფული), ქოჩაქი (ცუდი, უვარგისი), მოუგადოლე (მოუგე), მოსატოვებელი (მიამიტი, იოლად მოსატყუებელი მუშტარი) და სხვა.
მკვლევარი მიუთითებს, რომ აღნიშნული სიტყვებისაგან შედგებოდა მთელი რიგი მარტივი და რთული წინადადებანი. ზოგიერთ წინადადებაში წევრებად ჩართული იყო ქართული სიტყვებიც. ამ ლექსიკას ბოლო პერიოდამდე იყენებდნენ მოვაჭრე ებრაელები. ასე რომ, ქუთაისის არალეგარულ ბაზრობებზე, შაუმიანსა და სხვა ქუჩებში, ბოლო პერიოდამდე გაისმოდა ეს ნართაული ფრაზები:
– ყატონი არ დაუქამო! (კაპიკი არ დაუკლო!)
– შენს მამონს მე მივხრიდი და რასაც მოუგადოლებ, სავახეზო იყოს! (შენს საქონელს მე მივყიდი და, რასაც მოვუგებ, სანახევრო იყოს!)
– ჩემი მუშტარი გამიშეყერა და ვერც თითონ მიხრიდა (ჩემი მუშტარი ჩამომაცალა… გადაიბირა და ვერც თვითონ მიჰყიდა)
– დღეს ტობათ ვისოხარე, მაგრამ სეფერი არ მიეშამდა და ქელებმა შოხადი წამართვა (დღეს კარგად ვივაჭრე, მაგრამ პატენტი არ მქონდა და ძაღლმა (მილიციელმა) ქრთამი წამართვა).
ქართულ-ებრაული სიტყვებისაგან მიღებული სლენგი განსაკუთრებით პოპულარული იყო მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლების ქუთაისელი ახალგაზრდობის გარკვეულ ნაწილში, მეტადრე – ვაჟებში. ისინი ისე სრულყოფილად ფლობდნენ ოდესღაც „საიდუმლო – სავაჭრო“ ენის ნიმუშებს, რომ სოციუმის ყველა ფენაში, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში თამამად გაისმოდა. თავიანთ პრიორიტეტულობას, ასე ვთქვათ, „გამოსულობას“ ახალგაზრდობის ეს ნაწილი სწორედ ამ ლექსიკის გამოყენებით და ჟარგონზე თავისუფლად მეტყველებით უსვამდა ხაზს.
ასე რომ – ნაშა, გიმელი, განაბი, მიამსევრე, დაბრიდე, ჩათოხლა, ეთომარე, დავიადე და მსგავსი სიტყვები ის სლენგი იყო, რომელსაც ქუთაისელი ახალგაზრდობის ამ ნაწილის ყოველდღიურ მეტყველებაში თარგმნა არ სჭირდებოდა.
ებრაელთა დიდი ალიის შემდეგ, ანუ ქალაქში ებრაული მოსახლეობის შემცირების მერე, თაობებში იკლო ამ ლექსიკის გამოყენებამ. ახლა იშვიათად, თუმცა მაინც გვხვდება შემორჩენილი ყივრულ-ქართული ლექსიკური ერთეულები. ვფიქრობთ, ეს თემა ენათმეცნიერთა შესწავლის საგანი შეიძლება გახდეს – სლენგში დაცული ფონეტიკური მოვლენებისა და სხვა საინტერესო ენობრივი მონაცემების გამო” – წერს ნანული ცხვედიანი ნაშრომში “ებრაელები ქუთაისში”.
მთავარ ფოტოზე ქუთაისის ბაზარი; გადაღებულია 1910 წელს, მფლობელი – ლალი მიქაძე.
ambebi.ge