“ქართულ ოცნებას” არჩევნებში არ გაუმარჯვია – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული არ ყოფილა.

“ქართულ ოცნებას” არჩევნებში არ გაუმარჯვია” – თქვა ევროპარლამენტარმა და იქვე აღნიშნა, რომ საჭიროა, EU-მ საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება მოითხოვოს და მთავრობას საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოუწოდოს.

”ჩვენ რეგიონში ორ მნიშვნელოვან არჩევნებს ვაკვირდებოდით, მოლდოვასა და საქართველოში. ორივე მათგანი კრემლის სამიზნე იყო. მაგრამ მოლდოვაში რუსეთს გარე აქტორის როლში ყოფნა მოუწია, ხოლო საქართველოს არჩევნებში კრემლის ნარატივები გავრცელდა და არჩევნების მოპარვა ხელისუფლებამ შიგნიდან განახორციელასაქართველო რუსული სტილის ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შეპყრობილი. ჩვენ ეს ღიად და მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ. მე სანქციებს მხარს ვუჭერ.

აქ, ევროკავშირში, ნათლად უნდა ვთქვათ, რომ ეს დემოკრატიული არჩევნები არ იყო„ქართულ ოცნებას“ არჩევნებში არ გაუმარჯვია. დღევანდელი მდგომარეობით, ამ არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება არ შეგვიძლია, საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება უნდა მოვითხოვოთ და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოვუწოდოთ, ძლიერი საერთაშორისო ზედამხედველობით, რათა ქართველ ხალხს თავისი ნების გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდეს. ამას ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი შედეგები ექნება.

დიახ, ჩვენ მხარს დავუჭერთ დემოკრატიულ პროევროპულ ქართველ ხალხს, გავზრდით მხარდაჭერას, მაგრამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკვე გაყინულია. ის ასე დარჩება. აშკარაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატის სტატუსი საქართველოს მომავალზე მანიპულირებისთვის გამოიყენა. ამიერიდან ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ უნდა ისაუბროს როგორც ქართულ საზოგადოებასთან, ასევე „ქართულ ოცნებასთან“. ევროკავშირის წევრობა ავტორიტარიზმთან შეუთავსებელია. უფრო მკაფიოდ რომ ვთქვა, ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის „დებიძინიზაციის“ შემდეგ არის შესაძლებელი. უნდა გადავხედოთ, რჩება თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმის უფლების შესაფერისად. ჩვენ ვეღარ გავამართლებთ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილისა და მისი ბანდის ქმედებების გამო”, – აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ. (IPN)

ცნობისთვის, დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. როგორც “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერსსაქართველოში ევროკავშირის კომისიის “ტექნიკური მისია” ჩამოვა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share