ძველი გურიის „სახევისთავოები“

ნიკო ბერძენიშვილის მიხედვით „ხევი“ არის საქართველოს უძველესი და პირველი ისტორიულ გეგოგრაფიული ერთეული – „გაძლიერებული და გამრავლებული გვარის ადგილსამყოფელი ხევია“. ხევი („სახევისუფლო“- „სახევისთავო“) წარმოადგენდა ტერიტორიულ ერთეულს (ოლქს) რომელსაც „ხევისუფალი“ ან „ხევითავი“ ხელმძღვანელობდა. (მაგალითად – არამაზის ხევი, კახეთის ხევი, ოძრხევი, ლომსიანთ ხევი, კავთის ხევი, დბანის ხევი და ა.შ.).
.
იური სიხარულიძის მიხედვით ძველი გურიის მთიანეთი დაყოფილი იყო შემდეგ ხევებად ანუ სახევოებად – კალაგონის ხევი (ხევის წყალი, შემდგომი საჯავახოს ქვეყანა), სურების ხევი, გუბაზეულის ხევი, ბახვის ხევი, ნატანების ხევი, აჭისწყლის ხევი, ჩოლოქის ხევი და კინტირშის ხევი.
.
ბერძენიშვილი თვლის, რომ სავარაუდოდ გუბაზეულის ხეობას მთლიანობაში ხევი ეწოდებოდა – „გურიაში სოფელი ხევი შეიძლება ძველად მთელ გუბაზეულის ხეობას ერქვა“. ასევე საუბრობს იმაზე, რომ გურიაში სოფლების „ზემო ხეთის“ და „ქვემო ხეთის“ დასახელებები შესაძლებელია წარმოადგენდეს იგივე „ზემო ხევს“ და „ქვემო ხევს“, ანუ „ხეთი“ იგივე „ხევი“ გახლავთ, აქვე აღსანიშნავია, რომ ვახუშტი ბატონიშვილი „ხეობას“ იგივე „ხევის“ მნიშვნელობით მოიხსენიებს.
.
თუ კი გურიის მთიანეთი სახევობად იყო დაყოფილი და „ხეთი“ იგივე „ხევის“ მნიშვნელობით შეიძლება განიმარტოს, აქ უკვე საინტერესო პარალელის გავლება შეიძლება გრიგოლ გურიელის ცნობასთან იმის შესახებ რომ ოზურგეთის ძველი სახელია – Озрахетъ-ი, რაც ქართული ვარიანტით უნდა იყოს “ოძრახეთი” ან “ოზრახეთი” და ოზურგეთი იგივე „ოძრა ხეთი“ შესაძლებელია წარმოადგენდეს გურიის ერთერთი სახევისთავოს ცენტრს, თუნდაც იმის გათვალსიწინებით, რომ ამავე ქალაქის მიმდებარედ სამი მდინარის ხეობა იყრის ერთად თავს (აჭისწყალი, ბჟუჟი და ნატანები). შემდეგში კი იგივე პუქნტი შეიძლებოდა ყოფილიყო გაერთიანებული ხეობების ანუ საერისთავოს ცენტრი.
.
აპოლონ წულაძის მიხედვით მე-20 საუკუნის დასაწყისში გურიაში კიდევ იყო შემორჩენილი „სახევისთაო“ (იგივე „სასახლიკაცო“), მაგრამ უკვე როგორც რომელიმე სოფლის ერთი დიდი გვარის გაერთიანება, ასევე „სახევისთავო“ ეწოდებოდა სოფელში ორი მცირერიცხოვანი გვარის გაერთიანებას, ხოლო სოფლის გამგებლებს „ხელოსნებს“ უწოდებდნენ (ძველად საქართველოში თანამდებობას – „სახელო“ ეწოდებოდა).
.
მომზადებულია შემდეგი წყაროების მიხედვით:
– იური სიხარულიძე – გურია და გურიამდელი რიონ ჭოროხის შუამდინარეთი. გაზეთი ალიონი 2013 წელი #37.
.
– ნიკო ბერძენიშვილი – “საქართველოს ისტორიის საკითხები” (1990)
.
– Приложеніе 3-е к протоколу №363 – Записка о древнихъ развалинахъ Гуріи (Озургетскій уѣзд) и Турецкой Грузіи (Бившая Батумская область); Г. Д. Гуріели (გამოქვეყნებულია – Труды Императорскаго Московскаго Археологическаго Общества. Т. 13 1894 г.)
.
– რ. თოფჩიშვილის – “საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები”
შეიძლება იყოს ნახატი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share