“ოცნების” სიის მიღმა დარჩენილი ბაია კვიციანი მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

განათლების მინისტრს, ალექსანდრე წულაძეს, ახალი მოადგილეები ჰყავს. 6 მოადგილიდან ორი – თამარ მახარაშვილი და გელა გელაძე, მანამდეც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდნენ, ოთხი კი ახალი დანიშნულია.

ახალი მოადგილეებიდან ორი სასამართლო სისტემებში მუშაობის გამოცდილების მქონე კადრია.

პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.

ახალი მოადგილეა ბაია კვიციანი, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ის ვერ მოხვდა „ქართული ოცნების“ ახალ პარტიულ სიაში, რომელიც  26 სექტემბერს გამოაქვეყნეს, თუმცა ცნობილია, რომ პარტიის ოცეულში მისი სიძე, დის ქმარი შოთა ბერეკაშვილია – „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ახალი სახე.

ახალი მოადგილეა გიორგი ჭინჭარაძე – 2024 წლის ნოემბრამდე ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

ახალი მოადგილე ანა მღებრიშვილი ნოემბრამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბიუროს უფროსი იყო. მანამდე კი, სააპელაციო სასამართლოში ანალიტიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share