კონტარინი – ბათუმზე, ფაზისზე და ქალაქ კალთიხეაზე
.
„29 ივნისს (1474 წელს) მივედით ბათომში (al Varthi) და რადგან ცხენები ავად გაგვიხდა და გადავწყვიტე ხმელეთით გამეგზავნა ფაზისამდინ, რომელიც როგორც გვეუბნებოდნენ სამოცი მილის მანძილზე არისო. ბათომში ერთი ბერნანდინის ბერი იყო, რომელიც ჩვენთან მოვიდა გემში და, რა გაიგო, რომ ჩვენ ტინაში მივდიოდით, გვითხრა თუ იქ წახვალთ, უსათუოდ ყველას დაგვატყვევებენო, რადგან ეხლა იქ არის მრავალი ცხენოსნით ერთი ოსმალელი ჯარის უფროსი, რომელიც ჩვეულებისამებრ იმ ადგილებს ათვალიერებსო. ღმერთს მადლობა შევწირე და იქეთ აღარ წავსულვარ.
.
ბათომი ციხეა და მცირე ქალაქი სამეგრელოს მთავრის, რომელსაც სახელად ჰქვია გორბოლა (Gorbola). ამ მთავარს კიდევ აქვს მეორე პატარა ქალაქი შავი ზღვის პირად, სახელდობრ კალთიხეა (Caltichea), სადაც ჰყიდიან აბრეშუმს, მომსხო ტილოს და მცირეოდენ თაფლსაც. საზოგადოდ მკვიდრნი ღარიბნი არიან.
.
1 ივლისს 1474 წ. მივედით იქ სადაც ფაზისი ზღვას შეერთვის. ბარკასით შეგვეგებენ მეგრელები, რომელთაც უსიამოვნო მიხვრა-მოხვრა ჰქონდათ და ახირებული ტანისამოსი ეცვათ. გემიდან გადავსხედით მათ ბარკასში და შევედით ფაზისში. შესავალშივე კუნძულს მივაწყდით, სადაც მეფობდაო ამბობენ, მწამლველის მედეას მამა აიეტიო. ღამე ამ კუნძულზე გავატარეთ, მაგრამ იმდენი ქინქლა (moscioni) იყო, რომ არ გვეგონა გადავურჩებოდით.
.
2 ივლისს დილით მეგრელებისვე ბარკასით მდინარეს პირშეღმა და მივედით ფაზისის ქალაქში (Asso), ეს ქალაქი დგას მდინარე ფაზისი პირას და გარშემო აკრავს ტყე. ამ ადგილას მდინარე ორი შვილდის სროლა არის სიგანით…“
.
– ვენეტიკელი დესპანის ამბროჯო კონტორინის (Ambrogio Contarini) წერილი გამოქვეყნებულია – ჟურნალი „მოამბეში“ 1894 წელი #11
.
P.S. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ გორბოლა არის იგივე ყვარყვარე ათაბაგია, ხოლო კალთიხეა ახალციხე გახლავთ, თუმცა კონტარინი უთითებს, რომ კალთიხეა იგივე კალთიბეა (ქალთიბეა) იყო პატარა ქალაქი ზღვის სანაპიროზე (რასაც ასევე უთითებს არაერთი ევროპული წყარო, მაგალითად: Encyclopédie Méthodique, Ou Par Ordre De Matieres (1783) – „CALTICHEA, ville de la Mingrelie, fur la mer Noire. Quelques géographes la nomment Caltibea“). ასევე კონტარინის აღწერილობიდან გამომდინარე ეს ქალაქი უნდა ყოფილიყო ბათუმსა და ფაზის შორის.
.
ამ შემთხვევაში შესაძელებელია სავარაუდო ტოპონიმური პარალელი გაივლოს: „კალთიხეა“ – „კინტირში“ ან „ქალთიბეა“ – „ქობულეთი“.
.
ფილიპო ფერარის (Filippo Ferrari 1551-1626) გეოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით კალთიხეა (კალტიქეა) არის იგივე კოლხეთის ქალაქი ზადრისი (Caltichea Zadris, urbs Colchidis), ამასვე უთითებს სხვა ევროპელი ავტორებიც. ზადრისი პტოლემაისოს აღწერის მიხედვით სურიონის ანუ ვანის აღმოსავლეთით უნდა ყოფილიყო, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის კონტარინის აღწერასთან.
.
რუსულ თარგმანში მთავარი „გორბოლა“ ასევე აღინიშნულია როგორც „გორგორა“ (Записки Императорского Новороссійскаго университета 1867 – „Ибо этотъ городъ Бата явно совпадалъ съгородомъ Varti или Vati принадлежавшемъ Горболѣ (Gorbola) или Горгорѣ (Gorgora), владѣтелю города“).
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა