ISFED: საჯარო მოხელეების კანონში ცვლილებების მიზანი EU-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის დასჯაა

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) განცხადებით, ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიმართულია საჯარო მოსამსახურეების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებისკენ, ცვლილებების მიზანს კი “წარმოადგენს არა სისტემის გაჯანსაღება, არამედ საჯარო მოხელეთა დაშინება, ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის დასჯა და საჯარო უწყებების პარტიულ ინსტრუმენტად გარდაქმნა”.

“2024 წლის 28 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმური პროტესტი მოჰყვა. საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის საჯარო მოსამსახურეების ნაწილი, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გაემიჯნნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას.

საჯარო მოსამსახურეების მხრიდან მკაფიო პოზიციონირებას ქართული ოცნების ლიდერების არაერთი განცხადება მოჰყვა, სადაც ისინი საპროტესტო განცხადებების ხელმომწერ საჯარო მოხელეებს საბოტაჟსა და სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. გარდა ამისა, მათ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებები დააანონსეს, რითაც საჯარო სამსახურში რეორგანიზაციის პროცესი გამარტივდებოდა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს “საჯარო სექტორის გაჯანსაღებას”.

დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები „ქართული ოცნების” წევრებმა, დაჩქარებული წესით, 13 დეკემბერს, მესამე მოსმენით მიიღეს. ცვლილებებით უარესდება დღეს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის სულისკვეთებას. კერძოდ:

  • ცვლილებების მიღებამდე საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობაზე საჯარო მოხელეები ინიშნებოდნენ განუსაზღვრელი ვადით. მოხელის განუსაზღვრელი ვადით დანიშვნის მიზანია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის შექმნა. განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირი და საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე განწესებული პირი ითვლება ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირად, რაც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელ პირს უფლებას ანიჭებს ნებისმიერ დროს, ერთი თვით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში, გაათავისუფლოს არასასურველი კადრი. გარდა ამისა, მათი ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადას, დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტა გამოიწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლებამოსილებას შეწყვეტას. მოცემული ცვლილებების შედეგად, ის საჯარო მოხელეები, რომლებიც წლებია ემსახურებიან სახელმწიფო ინტერესებს, საჯარო სამსახურს, კანონის ამოქმედებისთანავე ყოველგვარი სამართლებრივი გარანტიების გარეშე აღმოჩნდებიან. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე ამიერიდან მიიჩნევიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად, შესაბამისად, მათზე აღარ გავრცელდება მოხელისათვის გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის სახელმწიფო ენის ცოდნის, მოხელის სერტიფიკატისა და ასაკთან დაკავშირებული საკითხები;
  • “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას, მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით დანიშნულ იქნას იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ცვლილებების მიხედვით კი, რეორგანიზაციის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მსგავსი შესაძლებლობით სარგებლობის უფლება ჩამოერთმევათ და აღნიშნული შესაძლებელი იქნება მხოლოდ, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას;
  • ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულება აღარ არის ვალდებული აღადგინოს სამსახურში რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული და სასამართლო ან ზემდგომი ორგანოს მიერ გამართლებული საჯარო მოხელე. ცვლილებები გამორიცხავს რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობას, მიუხედავად გათავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმებისა და სასამართლოს მიერ გათავისუფლების უკანონოდ ცნობისა. ამ შემთხვევაში, მოხელეს მიეცემა მხოლოდ განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. გარდამავალ პერიოდში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე გავრცელდება ის ნორმები, რომლებიც საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს, რაც კიდევ უფრო გააფართოებს იმ პირთა წრეს, რომლებიც რეპრესიული მექანიზმების გამოყენების გზით შეიძლება გათავისუფლდნენ სამსახურიდან;
  • გარდა ამისა, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება და აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას;
  • ცვლილებებით გაუქმდა რეორგანიზაციის დროს მოხელისათვის საკლასო დანამატის შენარჩუნების შესაძლებლობა; ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილი იქნება მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს შეფასების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში მას ხელფასიდან 20% დაუკავდება მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე. აღნიშნული მექანიზმი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საჯარო მოსამსახურეთა დასჯის მიზნით.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფლება, დაიკავონ ნებისმიერი საჯარო თანამდებობა. საჯარო სამსახურის პირობები, რომლებიც დადგენილია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებსა და სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. საჯარო მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლების ნებისმიერი საფუძველი უნდა იყოს განჭვრეტადი და არ უნდა ქმნიდეს მოხელეთა სამსახურიდან თვითნებური გათავისუფლების შესაძლებლობას.

სამართლიანი არჩევნები (ISFED) მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მიმართულია საჯარო მოსამსახურეების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებისკენ. აღნიშნული ცვლილებების რეალურ მიზანს წარმოადგენს არა სისტემის გაჯანსაღება, არამედ საჯარო მოხელეთა დაშინება, ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის დასჯა და საჯარო უწყებების პარტიულ ინსტრუმენტად გარდაქმნა. ეს კი თავის მხრივ საფრთხეს უქმნის საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობას, პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობას, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა”. – წერს ISFED.

ღია საზოგადოების ფონდის იურისტი, საბა ბრაჭველი ტაბულას მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ესაუბრა, რომლის თანახმადაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება.

ბრაჭველის განმარტებით, კანონში შეტანილი ცვლილებით საჯარო სამსახურებში დეპარტამენტის უფროსებსა და მოადგილეებს არსებული უვადო შრომითი ხელშეკრულების შინაარსი უწყდებათ და გადადიან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე. შესაბამისად, კანონის 27-ე პირველ მუხლში გათვალისწინებული მოთხოვნა საჯარო მოხელეებისადმი ქართული ენის ცოდნის შესახებ აღარ გავრცელდება მათზე, ვინაიდან ისინი უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share