აშშ-მა ვახტანგ გომელაური და მირზა კეზევაძე დაასანქცირა

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ აშშ-მა ე.წ. მაგნიტსკის სია გააფართოვა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და გდდ-ს დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დააკისრა.

გადაწყვეტილება შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც დღეს ასევე შემოიღო სანქციები გომელაურისა და კიდევ ოთხი ძალოვნის წინააღმდეგ.

”ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტი (OFAC) სანქციებს უწესებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ მაღალჩინოსანს, რომლებიც მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციური სპექტრისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილეობდნენ. ეს ქმედება კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი ხუთი პირი დაასანქცირა.

დღევანდელი ქმედების შედეგად, ზემოთ აღწერილი დანიშნული პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება და ინტერესი, რომელიც იმყოფება შეერთებულ შტატებში ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლში, დაბლოკილია და უნდა ეცნობოს OFAC-ს. გარდა ამისა, დაბლოკილია ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან მთლიანობაში ფლობს 50 პროცენტს ან მეტს ერთი ან მეტი დაბლოკილი პირის მიერ.

2024 წლის ნოემბრის ბოლოს მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ.  გდდ-მ საპროტესტო გამოსვლების დროს არაპროპორციული ძალა გამოიყენა, რათა ჩაეხშო განსხვავებული აზრი. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოიყენეს ტაქტიკა, რომელიც მოიცავდა ცემას, სიტყვიერ შეურაცხყოფას, სექსუალური ძალადობის მუქარას. ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა მაშინ, როდესაც მოქალაქეები პოლიციის განყოფილებაში და საპროტესტო არეალიდან მოშორებით იმყოფებოდნენ. გდდ-მ ასევე მიზანში ამოიღო ჟურნალისტები, რადგან ისინი ძალადობის შემცველ ფაქტებს აშუქებდნენ.

2024 წლის მაისში, რუსული კანონის მიღებამდე, საპროტესტო აქციების დროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე იძალადეს ჟურნალისტებზე, ოპოზიციონერ ლიდერებზე და ახალგაზრდებზე, რომლებიც საკუთარ პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდნენ. გდდ-ის მიერ განხორციელებულ ძალადობას ვახტანგ გომელაური და მირზა კეზევაძე ზედამხედველობდნენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა საკუთარი ხალხი სასტიკად დაარბიეს, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართული ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს” – განაცხადა ხაზინის ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის დროებითმა მდივანმა.

ბრედლი სმიტმა თქვა, რომ “ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს პასუხისმგებლობას მათ მიმართ, ვინც მოქალაქეების უფლებების შეზღუდვას და ფუნდამენტური უფლებებისთვის ძირის გამოთხრაზეა პასუხისმგებელი როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share