ცხადია, არც არავინ მივა პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად და არც არჩევნები დაინიშნება. ეს ყველამ ვიცით.
ვერც გეგმაზე იტყვის ვერაფერს პრეზიდენტი. ჯერ ერთი, არც არაფერია დასაგეგმი, და მეორეც, საკმარისია რაიმე მოწოდება, რომ მასაც დააპატიმრებს “უხსენებელი”.
გამოსავალი?
პერმანენტული პროტესტის გაგრძელება. დაუღლელად.
რამდენი ხანი?
რამდენიც საჭიროა. გაზაფხულზე ბევრი რამ ნათელი გახდება მსოფლიო პოლიტიკის ახალ კონტექსტშიც. საკმარისია ოდნავი გულის აცრუებაც და ყველაფერი სავალალოდ დასრულდება.
როგორ?
ყველამ უნდა ვიფიქროთ როგორ შევინარჩუნოთ პროტესტი. არავითარი კომპრომისი. საქმე ქვეყნის ყოფნა-არყოფნას ეხება.
უნდა მოვიხსნათ კომპლექსები. უმწიფარი და კომიკური იყო რეაქციები პატიმარი პრეზიდენტის მორიგ წამოცდენაზე.
როგორ უნდა ჩააქროს პროტესტის მუხტი ასეთმა წამოცდენებმა?
ანუ ვინმეს გააზრებული არა აქვს საკმარისად, რას აპროტესტებს და რატომ? და თუ ერთერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს რაიმე შეეშლება, ამიტომ პროტესტი შეწყდება?
განა არ ვიცით, რომ “ოცნების” მოშორების შემდეგ ახალი პოლიტიკური ბატალიები დაიწყება? რა არის ამაში საშიში?
დაიწყოს მერე. ჩვენ ხომ ახალი სახელმწიფო ინსტიტუტები გვსურს, სადაც ვერავინ მოახდენს ძალაუფლების უზურპაციას.
პატიმარი პრეზიდენტის რევანშის გვეშინია?
ეს ხომ ირაციონალური შიშია, ზუსტად იგივე სახის, როგორც რუსეთის შემოჭრა საქართველოში, თუ გლობალური ომის პარტიის მიერ ჩვენი ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში.
რატომ ვუწყობთ ხელს ფსბ-ს დივერსიულ პროპაგანდისტულ ქსელს უაზრო შიშების გავრცელებაში?
ან რა მორალში ჯდება პატიმარის ლანძღვა და დამუნათება; არასაკმარისად არის დასჯილი?
განა არ ვიცით, რომ ობიექტური მიზეზების გამო მისი პოლიტიკური წონა შეუქცევადად ატროფირდა; რატომ ვქმნით ფსბ-სთან ერთად ირაციონალურ საფრთხობელას მისგან?
რატომ ვუსმენთ იმ პოლიტიკანებს, რომლებიც “ამღვრეულ წყალში” პოლიტიკურ კარიერას სხვათა ლანძღვით იკეთებენ?
არ მოგვბეზრდა სიძულვილის ენა? “ასავალ-დასავალის” დონის გამოხტომები და ბილწსიტყვაობა გვფხანს გულს?
ფხანა ხომ იცით რამ იცის.
“ოცნების” ენა უნდა გამოვიყენოთ ჩვენც? მათი ლექსიკა და მათი დამოკიდებულება გარემოებათა მიერ დაჩაგრული ადამიანების წინააღმდეგ? ისევ ასეთი ყიამყრალი მდაბიოობა გვსურს ვიხილოთ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე?
ჩვენ ხომ ვისწავლეთ მშვიდობიანი მიტინგების ჩატარება, ჩვენივე არეული ქუჩების მილაგება; ერთმანეთზე ზრუნვა და ერთმანეთის გატანა, მაშინ რატომ უნდა შეგვეშალოს კიდევ?
ჩვენ საქართველოს მომავალს ვიცავთ და ვაშენებთ ერთდროულად ახლა. და ამ მშენებლობის საძირკველში სამართლიანობა, ღირსება, სიმშვიდე, პატივისცემა და ემპათია უნდა ჩავადუღაბოთ, რათა ვერავინ და ვერაფერმა, ვერასოდეს დააყენოს საქართველო უსამართლობის, უღირსობის, უვიცობის, სიბრიყვისა და ხეპრეობის გზაზე.
ჯერ საკუთარი თავი გავათავისუფლოთ შიშებისა და კომპლექსებისაგან. იმ მიზანს, რომლისკენაც მივდივართ, სულის სილაღე და სისუფთავე სჭირდება.
მჯერა რომ ეს შეგვიძლია. ჩვენ არა ვართ ეშმაკის კერძი, ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ. ვირწმუნოთ საკუთარი თავისა და საკუთარი სიმართლის.
აუცილებლად გავიმარჯვებთ. იმიტომ, რომ ეს გამარჯვება ჩვენს ეროვნულ კოდშია ჩადებული.
გაგვიმარჯვოს!
ამინ!