“ომის დასასრულის დასაწყისი და თვალში ნაცრის შეყრა? რაზე შეიძლება მოილაპარაკონ უკრაინამ და რუსეთმა“ – რას წერს “დოიჩე ველე”

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ “დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “ომის დასასრულის დასაწყისი და თვალში ნაცრის შეყრა? რაზე შეიძლება მოილაპარაკონ უკრაინამ და რუსეთმა“, რომელშიც დასავლელი ექსპერტების თვალსაზრისებია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მხარეები პარალელურად, ცეცხლის შეწყვეტისა და საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით, მოლაპარაკებასაც აწარმოებენ, რომელიც ბელარუსში რამდენიმე „ფიზიკური“ შეხვედრის შემდეგ, დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატით გრძელდება. სამწუხაროდ, რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი ჯერ არ ჩანს. ვლადიმერ პუტინი ისევ აცხადებს, რომ რუსეთი თავისი გეგმიდან უკან არ დაიხევს, სანამ კიევი კრემლის საკვანძო მოთხოვნებს არ შეასრულებს – „დემილიტარიზაციას, დენაციფიკაციას და უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს არ გამოაცხადებს“.

ერთგვარი იმედი გააჩინა გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ პუბლიკაციამ, რომლის მიხედვითაც, მხარეებმა მოლაპარაკების დროს თითქოსდა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს და რომ განიხილება 15-პუნქტიანი გეგმა, უკრაინა თითქოსდა მზადაა ოფიციალურად უარი განაცხადოს ნატოში შესვლის განზრახვაზე, თავის ტერიტორიაზე უცხოური ბაზებისა და იარაღის განლაგებაზე იმ შემთხვევაში, თუ მისი უსაფრთხოების გარანტორები აშშ, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი იქნებიან.

რამდენად იმედიანია მოლაპარაკებები და შეიძლება თუ არა კომპრომისი, „დოიჩე ველე“ უკრაინელ, რუს, გერმანელ და ბრიტანელ ექსპერტებს ესაუბრება.

უკრაინის მთავარი დათმობა: ნატოზე უარი

ალიონა გეტმანჩუკი, კიევის ანალიტიკური ცენტრის „ახალი ევროპის“ დირექტორი, თვლის, რომ უკრაინის მთავარ დათმობას ნატოში წევრად მიღებაზე უარის თქმა წარმოადგენს, თუმცა ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება მოსახლეობას ასეთი კომპრომისი აუხსნას – იმიტომ, რომ „ნატოში ინტეგრაცია ჩაწერილი არის ქვეყნის კონსტიტუციაში, ამ იდეას მოსახლეობაშიც რეკორდული მხარდაჭერა აქვს“. ექსპერტის თქმით, საბოლოო ჯამში, შეიძლებოდა კომპრომისზე წასვლაც, მაგრამ ის მაინც ილუზორულია: პირველი მიზეზი – ჯერ-ჯერობით არცერთ ზემოთ ნახსენებ სახელმწიფოს გარანტიებზე არაფერი უთქვამს და მეორეც, ამ ვარიანტს რუსეთი მხარს არ დაუჭერს. კიევისათვის წითელ ხაზად ითვლება დონბასის დამოუკიდებლად აღიარება და ყირიმის ანექსიაზე თანხმობა, რაც „სრული კაპიტულაცია იქნება“.

ალიონა გეტმანჩუკი იმავდროულად თვლის, რომ მოლაპარაკების გაგრძელება აუცილებელია ჰუმანიტარული სიტუაციის გასაუმჯობესებლად და იმის დემონსტრაციისათვის, რომ უკრაინა მზად არის გარკვეულ კომპრომისებზე წასასვლელად“.

რუსეთი: ვლადიმერ ზელენსკის შეცვლაზე ლაპარაკი აღარ არის

როგორც ანდრეი კორტუნოვი – რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს დირექტორი ამბობს, მოსკოვის მოთხოვნების დინამიკაში კორექტირება შეინიშნება. „საწყის ეტაპზე იყო მინიშნებები, რომ დენაციფიკაცია თითქოსდა უკრაინის სახელმწიფო აპარატის მთლიან გადატვირთვას გულისხმობს, ანუ სავარაუდო არჩევნებს, პოლიტიკური არენიდან ნაციონალისტურად განწყობილი ძალების გაძევებას და ა.შ. ამჟამად უფრო შეზღუდული დღის წესრიგია შეთავაზებული, რომელიც ეხება რუსული ენის სტატუსის განმტკიცებას, ნაციზმის განდიდების შეწყვეტას… მაგრამ არ არის ლაპარაკი ვლადიმერ ზელენსკის შეცვლაზე“.

ანდრეი კორტუნოვის აზრით, უკრაინას მოუწევს მოსკოვის მთავარი მოთხოვნის შესრულება – უარი ნატოს წევრობაზე. რაც შეეხება დასავლური იარაღის მიწოდებას, ეს საკითხი შეთანხმებით შეიძლება გადაწყდეს – რომელი სახის იარაღია დასაშვები და რომელი – არა“. მისი აზრით, ჯერ-ჯერობით არ არის საჭირო კიევზე ზეწოლის განხორციელება იმისთვის, რომ უკრაინამ დონბასის რეგიონი დამოუკიდებლად აღიაროს, რადგან „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები უკრაინას ახლო მომავალში არანაირად არ დაუბრუნდება“.

მზად იქნება თუ არა მოსკოვი დაკავებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანაზე? „შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში აუცილებლად დადგება, რადგან რუსეთის ჯარს უკრაინის ტერიტორიაზე მუდმივი ყოფნა არ შეუძლია“, – ამბობს რუსი ექსპერტი.

დიდი ბრიტანეთი: ნატო უკრაინაში თავის ჯარს არ გაგზავნის

რობერტ ბრინკლი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ამბობს, რომ მოსკოვისა და კიევის მოლაპარაკებებში უახლოეს ხანში რაიმე გარღვევას არ ელოდება. „ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ორივე მხარე მზად იქნება. ჯერ-ჯერობით კი, ისინი პოზიციების გაუმჯობესებას მხოლოდ ბრძოლის ველზე ცდილობენ და არა მოლაპარაკების მაგიდასთან“.

რობერტ ბრინკლი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, აიღებს თუ არა დიდი ბრიტანეთი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას უკრაინის უსაფრთხოებაზე, თუმცა იხსენებს ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმის უარყოფით გამოცდილებას, როცა ბირთვული სახელმწიფოები – აშშ, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინას მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას დაპირდნენ სსრ კავშირისაგან მემკვიდრეობით მიღებულ ბირთვულ იარაღზე უარის თქმის განადგურების სანაცვლოდ. „დღეს უკრაინა მსგავს დაპირებებს ფრთხილად მოეკიდება, კიევი მეტ ყურადღებას დაუთმობს მტკიცე გარანტიებს“. ამასთან, ექსპერტი ამბობს, რომ ალიანსის საერთო გადაწყვეტილებით, უკრაინაში ჯარი არ გაიგზავნება და შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი ამას ცალმხრივად არ გააკეთებს.

გერმანია: რუსეთს დასავლეთი და უკრაინა შეცდომაში შეჰყავს

უკრაინაში გერმანიის ყოფილი ელჩის ჰანს-იურგენ ჰაიმზეთი ვარაუდობს, რომ კიევისა და მოსკოვის მოლაპარაკების შედეგს უახლოეს კვირებში უნდა ველოდოთ. „დღეს ორივე მხარე ერთმანეთს უმეტესად პიარის მიზნით ხვდება, თუმცა გარკვეული სურათი მაინც იკვეთება. მაგალითად, რუსეთს კომპრომისისადმი მზადყოფნა არ გამოუვლენია, მაშინ როცა კიევი მზად არის ნეიტრალიტეტისა და უცხოური ბაზების საკითხის განხილვისათვის“, – ამბობს ყოფილი ელჩი.

გერმანელი პუბლიცისტი ვინფრიდ შნაიდერ-დეტერსი, რომელიც უკრაინაში დიდი ხანია ცხოვრობს, ერთადერთია ექსპერტებთაგან, რომელიც კიევისა და მოსკოვის მოლაპარაკებას არ ენდობა და მიაჩნია, რომ მხარეების შეხვედრები „თვალში ნაცრის შეყრას“ ნიშნავს. „ეს ვლადიმერ პუტინის მოტყუებითი მანევრია, მას სურს დასავლეთის სიფხიზლე მოადუნოს, აჩვენოს, თითქოს ჰორიზონტზე იმედის სხივი ჩანს, რომ დასავლეთმა უკრაინას იარაღის მიწოდება შეუწყვიტოს. კრემლი ამ სიტუაციას ძალების მოსაკრებად იყენებს, დროის მოსაგებად, რომ ახალი შეტევა წამოიწყოს, თავდაპირველი იერიშის ჩაფუშვის შემდეგ“.

ვინფრიდ შნაიდერ-დეტერსის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინს პრობლემის სამშვიდობო კი არა, სამხედრო გადაწყვეტა სურს. ამიტომ “უკრაინა არ უნდა დაეთანხმოს ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს. უკრაინამ უნდა იცოდეს, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომში არ ჩაებმება, მაგრამ იმავე დასავლეთმა უკრაინას უნდა მიაწოდოს ბევრი იარაღი, იარაღი და ისევ იარაღი“. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ომი კიდევ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share