ზელენსკის განცხადების შეფასებისგან უბრალოდ თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.
თბილისის მერის თქმით, ამ ძნელბედობის ჟამს საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდითაა და ასე იქნება მომავალშიც.
„საქართველო ყოველთვის დგას, იდგა და მომავალშიც იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით. ჩვენ პირველივე დღიდან ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად. ყველა საერთაშორისო პლატფორმა იქნა გამოყენებული, რომ დავდგომოდით გვერდით უკრაინელ ხალხს. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება მომავალშიც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს.
რაც შეეხება დახმარებას – ჩართულია ცენტრალური ხელისუფლება, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები ყველანაირად არიან უზრუნველყოფილები. ასევე, ჰუმანიტარული ტვირთი იქნა გაგზავნილი და ამაზე არ ვჩერდებით, ეს გაგრძელდება. მე პირადად კახა კალაძე, ჩემს მეგობრებთან ერთად, მზად ვარ დავუდგე გვერდით უკრაინელ ხალხს. ძალიან ბევრი ადამიანი მეხმაურება და ვაპირებთ, რომ გავხსნათ ანგარიში იმისთვის, რომ ფინანსური დახმარება გავუწიოთ უკრაინელ ხალხს. ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე გავაკეთებთ განცხადებას, თუ სად შეეძლებათ თანხის გადმორიცხვა.
რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას – მე უბრალოდ შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია. პირველ რიგში მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს. დანარჩენი შემდეგ გავაკეთებ შეფასებას და განცხადებას,” – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.