პოლონური გამოცემა „პოლიტიკა“ (Polityka) აქვეყნებს სტატიას სათაურით – „რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთი გაიმარჯვებს“ (ავტორი – ენჯეი ვინეცკი), რომელშიც განხილულია პეკინის სავარაუდო ნაბიჯები მოსკოვ-კიევის კონფლიქტის დროს და მისი დასრულების შემდეგ.
„ჩინეთის მმართველ პარტიას არც მეგობრები ჰყავს და არც სენტიმენტები აქვს, ის მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. ეგზისცენტილური ინტერესი იმაში გამოიხატება, რომ მან ლიბერალური დასავლეთი გააკონტროლოს, პირველ რიგში – აშშ, რომელიც ჩინელი კომუნისტების პოზიციებს ემუქრება. აღმოსავლეთ ევროპაში – უკრაინაში შექმნილი რთული სიტუაცია, რომელშიც ერთდროულად რუსეთი, აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები არიან ჩართულნი, ჩინეთისათვის ძვირფას საჩუქარს წარმოადგენს. ის იმითიც არის მიმზიდველი, რომ ხელს უწყობს ახალი ერის დაწყებას, როცა ორი ბლოკი ერთმანეთს ეჯახება – ლიბერალურ-დემოკრატიული – ავტოკრატიულს. უკრაინის ტრაგედია ჩინელებს უპირატესობას აძლევს: ისინი ისტორიის ახალ ეტაპს პრივილეგირებული პოზიციით ხვდებიან.
მხარს უჭერს თუ არა ჩინეთი რუსეთს?
ეს პოზიცია განსხვავდება იმისგან, რომელიც ჩინეთს 2014 წელს ჰქონდა, როცა პეკინი შედარებით თავშეკავებული იყო. კაცმა რომ თქვას, სავარაუდოდ, „ცისქვეშეთი“ ახლაც თავშეკავებას გამოამჟღავნებს და დონბასის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ აღიარებს ისევე, როგორც არ აღიარა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“, ასევე – ყირიმის სტატუსი, რომლებსაც, ფაქტობრივად, რუსეთი აკონტროლებს, მაგრამ იურიდიულად – უკრაინისა და საქართველოს ნაწილებად რჩებიან.
ჩინეთი ღიად არ გამოდის დასავლეთის მიერ რუსეთის პუტინისტური რეჟიმის მიმართ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ, მაგრამ, ბუნებრივია, არც მიერთებას აპირებს, თუმცა ჩინეთის ღია და გაბედული მხარდაჭერა კრემლისათვის ზედმეტი არ იქნებოდა. იმავდროულად, პეკინი აშშ-ის რეაქციას თვალს ყურადღებით ადევნებს და ცდილობს, ტაივანთან მიმართებით თავისი სტრატეგიის შესაბამისი ადაპტირება მოახდინოს. ყველა შემთხვევაში, დიპლომატიური ფორმულირებების მიღმა პეკინს მაინც იმედი აქვს, რომ დასავლეთი თავის მიზანს ვერ შეისრულებს და უკრაინის კრიზისიდან მარცხის გრძნობით გამოვა. ჩინეთის იმედებს საფუძველი ნამდვილად აქვს: ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი გაჭირვებით მოახერხა დასავლეთმა რუსეთის [ზოგიერთი ბანკის] „სვიფტის“ სისტემიდან გამორთვა
სტრატეგიული თავშეკავება
ჩინეთი მოვლენებისგან შორს დგას, მისი გულგრილი დამოკიდებულება სტრატეგიული თავშეკავებით აიხსნება, რომელიც მოვლენების განვითარებისადმი ცინიკურ დაკვირვებაში გამოიხატება. განტოლების მეორე ნაწილს რუსეთი წარმოადგენს – ბევრ სერიოზულ ექსპერტს ეჭვები უჩნდება, ხომ არ შეიშალა ვლადიმერ პუტინი, ჭკუიდან ხომ არ გადავიდა? იმიტომ, რომ ასეთი ირაციონალური და სამართლებრივი ნორმებისადმი სრულიად შეუსაბამოდ განხორციელებული ბანდიტური სპეცოპერაცია რუსეთის პრეზიდენტს „გარიყულ ადამიანად“ აქცევს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების წევრად არავინ აღარ ჩათვლის. ასეთი შეფასებები, ალბათ, გადაჭარბებულია, შესაძლოა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ რუსი ლიდერის ჩადენილი საქმეების გლობალური გადაფასებაც კი მოხდეს, მაგრამ უკრაინასთან დაკავშირებულ სიტუაციას, პუტინიზმის დასასრულის დასაწყისად თუ არ ჩავთვლით, მას მაინც ძალიან დაასუსტებს.
რუსეთი და ჩინეთი: ისტორიული წყენა
რუსეთი უკვე იზოლაციაში ექცევა და, შესაბამისად, მოსკოვი განწირულია იმისთვის, რომ პეკინთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდეს. რუსეთი ჩინეთში ალტერნატიული ბაზრის ძიებას დაიწყებს, თავისი ნედლეულის გასაღებისათვის, ჩინეთიდან კი იმ ტექნოლოგიებს წაიღებს, რომელთა მიწოდება დასავლეთმა სანქციების ძალით შეუწყვიტა. მაგრამ ჩინელების მახსოვრობა საკმაოდ ბევრ საწყენ მომენტს ინახავს რუსეთის მიმართ…
გავიხსენოთ, რომ მე-19 საუკუნეში რუსეთი ერთ-ერთი იმ სახელმწიფოთაგანი იყო, რომლებიც ჩინეთის იმპერიას თავს დაესხნენ და მას დიდი ტერიტორიები წაართვეს შორეულ აღმოსვლეთში. ჩინური სტრატეგიის ჩარჩოებში ითვლება, რომ ეს პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია. წარსულში მიყენებული შეურაცხყოფა ერთ-ერთი ის დაბრკოლებაა, რომელიც პეკინს ნებას არ აძლევს, ჩრდილოელი მეზობლის მიმართ დიდი სიმპათიები ჰქონდეს. პეკინი სამომავლო მოკავშირის კანდიდატის როლში კი არ გამოდის (ასეთი ჩინეთს, ტრადიციულად, არ ჰყავს), არამედ – როგორც „ახალგაზრდა დამოუკიდებელი პარტნიორის“ სახით. პეკინური სტრატეგიის მიხედვით, პერსპექტივაში რუსეთი სულ უფრო დასუსტდება და თუნდაც კრემლმა დნეპრის ნაპირებზე გაიმარჯვოს, პეკინის შთაბეჭდილება მაინც არ შეიცვლება.
კვირის პალიტრა