საპროტესტო აქციებში მსახიობები აქტიურად მონაწილეობენ და ზოგიერთი მათგანი სამართალდამცველებმა დააკავეს კიდეც. ცნობილ მსახიობს, გიორგი ნაკაშიძეს სასამართლომ ჯარიმად 2.000 ლარი დააკისრა. სასამართლოდან გამოსული გიორგის ჩვენც დავუკავშირდით და მოვიკითხეთ.
ბავშვის გამოსაყვანად შენობაში შევდიოდი, უცებ ხელი დამტაცეს და მანქანაში შემტენეს, წამართვეს პირადი ნივთები, ტელეფონი, რომელიც არც დაუბრუნებიათ. თუ გახსნიან, იკითხონ, არაფერი მაქვს დასამალი. მანქანაში მაგრად მცემეს. ჩემთან ერთად კიდევ სამი ბიჭი იყო და ისინიც დაასისხლიანეს. მერე საპატრულო პოლიციას გადაგვცეს. აეროპორტის ტრასაზე, ცენტრალურ ოფისში მიგვიყვანეს. არც ფული მქონდა, არც პირადი ნივთები, არც ტელეფონი, რომ დამერეკა და დილის 5 საათზე აეროპორტის ტრასიდან ნუცუბიძემდე ფეხით წამოვედი.
წინა ხელისუფლების დროსაც იგივე ხდებოდა, ციხის კადრები არ გახსოვთ? ესენიც იმავეს იმეორებენ. ადამიანებზე ძალადობენ, იტაცებენ, სცემენ. მარტო ჩემზე ხომ არ იძალადეს, რამდენი დაასისხლიანეს. როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ამ დროს კაცს?
მე ყოველთვის ევროპული მომავლის მომხრე ვიყავი. თავიანთ ამომრჩეველსაც ორი კვირით ადრე იგივე არ უთხრეს? და არჩევნების მერე შეცვალეს ჩვენება. თავიანთი ამომრჩეველიც ხომ მოატყუეს. ორი გზა გვაქვს: ან დემოკრატიული განვითარება, რომლის ფლაგმანი დღევანდელი დასავლეთია თავისი მინუსებითა და პლუსებით და აქეთ ავტოკრატიული რეჟიმები, პლუს ბელორუსი და სირია და ასე შემდეგ.
ხალხის ცემა-ტყეპა, ციხეებში პატიმრების წამება, “პრაგონები”, 40 კაცი ერთ კაცს რომ ურტყამს – წინა ხელისუფლების დროსაც მაგას ვაპროტესტებდი და მე ვარ “ნაციონალი”? არასდროს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. რა უნდა ხელოვანს პარტიაში. ხელოვანი როგორც კი იგრძნობს, რომ უსამართლობა ხდება, მაშინვე პროტესტი უნდა გამოხატოს. მაგრამ როდესაც პროტესტს სცენაზე აზრი ეკარგება, ქუჩაში გამოდის და როდესაც მშვიდობიანად აპროტესტებ და გიჭერენ, ეს ნორმალურია? ეს არ ნიშნავს, რომ ვამართლებ პოლიციელებისთვის მაშხალების სროლასა და ლანძღვა-გინებას, მაგრამ დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ წონასწორობა დაიცვა. უცბად გიჭერენ, სასტიკად გცემენ, გართმევენ ყველაფერს… ხომ შეიძლება ვიღაც ფიზიკურად სუსტია და ცემა-ტყეპის დროს შემოაკვდეთ, მერე სად მიდიან?
– ამ დღეებში გამახსენდა ფილმი “ზღვარზე”, სადაც თქვენც თამაშობთ და ვფიქრობ, ახლაც ასეთ ზღვარზე ვართ?…
– მე და დიტო ცინცაძეც (ფილმის რეჟისორი) ამ დღეებში ამაზე ვსაუბრობთ. ამ ფილმის გადაღებიდან 30 წელზე მეტი გავიდა და პრობლემა იგივე დარჩა, გახლეჩილია საზოგადოება. ის ჩემი გმირი არც აქეთ არის და არც იქით. ისიც არც ერთი პარტიის წევრი არ არის. მისი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა ზღვარზეა. აღარ შეიძლება საზოგადოების ასე დაყოფა. ვიცი, რომ ძალიან ბევრი მათი ამომრჩეველი დაბნეულია და კითხვებს რომ უსვამ, პასუხს ვერავინ მცემს ან ძლივს გეუბნებიან, ჰო, ასე არ უნდა გაეკეთებინათ, მაგრამო… რა მაგრამ? რა ეგონათ, ამაზე რეაქცია არ ექნებოდა ხალხს? მკვდარი სულები ხომ არა ვართ, რეაქცია არ გვქონდეს. თითქოს სპეციალურად გააკეთეს ის განცხადება. მერე თქვეს, სწორად ვერ გაიგეთო. რა ვერ გავიგეთ? შექსპირი გავიგე და ირაკლი კობახიძის ნათქვამი როგორ ვერ გავიგე?! ვინც ხელისუფლებაში მოხვდება, ყველა ადამიანის სახეს კარგავს. მორალსა და ადამიანზე ზევით ძალაუფლებას, ფულს, პირად კეთილდღეობას აყენებენ. ცოტა მაინც შევამჩნიოთ, რომ რაღაცას განიცდიან, პატარა ემოცია მაინც გამოხატონ! საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხელოვნება წამყვანი ძალაა. ასე მასწავლიდა ჩემი გენიალური პედაგოგი მიხეილ თუმანიშვილი, რომ ადამიანი ჯერ უნდა იყო მოქალაქე და შემდეგ ხელოვანი, შემდეგ ინჟინერი და ასე შემდეგ. რაზეც საუბრობ, სცენიდან იქნება თუ კინოდან, ყოველთვის უნდა იყოს იმ მომენტისთვის აქტუალური, რათა იდენტიფიკაცია მოახდინოს მაყურებელმა დღევანდელობასთან. თუ ხელოვანს არა გაქვს გაცნობიერებული, რა გასაჭირი ადგას დღეს შენს სამშობლოს, ირგვლივ მყოფ ადამიანებს, შენი ხმა ყალბი იქნება. ჩემი პირველი ფილმი იყო “ზღვარზე”, რომელიც სამოქალაქო ომს შეეხებოდა და ვურჩევ ყველას, ვისაც არა აქვს ნანახი, ნახოს. მერე იყო გოგა ხაინდრავას “ოცნებების სასაფლაო”, რომელიც აფხაზეთის ომის დროს გადავიღეთ – მსახიობზეა, რომელიც ომში მიდის. ჩემი გმირი ლევან აბაშიძის პროტოტიპი იყო. შემდეგ “ჯაყოს ხიზნები”, ასევე პოლიტიკური ფილმი, მერე “მანდარინები”, ისიც ომზეა. ეს რატომ გავიხსენე? ჩემთვის ეს ორგანული მდგომარეობაა. საითაც მიხმობს შინაგანი ხმა, როგორც ხელოვანსა და ადამიანს, იქ უნდა ვიდგე, იქ ვიყო იმ კონკრეტულ ექსტრემალურ სიტუაციაში, გადაღება იქნება თუ სხვა რამ. ასე ვარ 9 აპრილიდან დღემდე. თეატრი და კინო ყოველთვის იმას ეხმიანებოდა, რაც იმწუთას ძალიან აქტუალური იყო. ამ ყველაფერში ყველაზე მეტად გამოხატვის თავისუფლების, დაცენზურებისა და შეზღუდვის პრობლემა დავინახე.”