„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა. გადაწყვეტილებას პარლამენტში 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ 2 იყო.
პროკურატურამ პარალმენტს იმუნიტეტის შეწყვეტის თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. მელია ამბობს, რომ იგი გირაოს არ გადაიხდის და არც სასამართლოში აპირებს მისვლას.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება, რომელზეც მას სასამართლომ გირაო შეუფარდა და მასთან ერთად ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯურის ტარება დაავალა.
2020 წლის 1 ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
ამის შემდეგ, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.