გურია-ქობულეთის კოშკები
.
დღეს ვინმეს ძნელად თუ წარმოუდგენია კოშკებით მოფენილი გურია, თუმცა იყო დრო როდესაც თითქმის ყველა სოფელში იდგა ხის მორებისგან აგებული საკმაოდ მაღლი თავდაცვითი დანიშნულების ნაგებობა, რომელსაც „ჯიხურს“ ეძახდნენ, იგივე დასტურდება ისტორიულ ქვემო გურიაშიც.
.
ქსენოფონტი (ძვ. წ. 427–ძვ. წ. 355) თავის ანაბაზისში აღწერს კოლხურ სიმაგრეებს, რომლებიც ხის გალავნებით შეერთებულ ხისავე კოშკებს წარმოადგენდნენ. სიმაგრეები აგებული იყო ხის მორებისგან, რომელთა აღწერაც ემთხვევა გურიაში ფართოდ გავრცლებულ გამაგრებული კოშკის „ჯიხურის“ (მეგრ. ჯიხა – ციხე) აღწერას.
.
„ჯიხურებმა“ გურიაში განსაკუთრებული და აუციელებელი მნიშვნელობა ტყვეთასყდვის დროს მიიღო – ‘”ხიზნობა იყო მაშვინ: თუ თავს ვერ მეიყრიდენ ერთათ, ღამის გათევა ეშინოდენ. ხიდგან გაკეთებული იყო გათლილი ხიები, მუხისაგან, ტყვია შით ვერ შიატანდა, ჯიხურს უძახოდენ.“ იქვე „იი ჯიხური ახლაც არის. ნაჯახით არის ჩაჭრილი დათლილი ხიები. თითო ძირი ხიდან არის გათლილი თითო ხე, გული დარჩენილა და გარსი ამოღებულია.“ (მთქმელი: ისიდორე ქინქლაძე, ს. ნატანები 1962).
.
საინტერესოა, რომ ნიკო ბერძენიშვილის მიხედვით სირტყვა “ციხე” ძველ ქართულში სახლს ნიშნავდა და ამას განმარტავდა სიტყვა „უცხო“-დან გამომდინარე – „უცხო“ ანუ „უციხო“ იგივე უსახლო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქართლში ჯიხური ასევე ერთერთი ტიპის სახლის აღმნიშვნელია.
.
კოლხური ციხესიმაგრის მსგავსი ნაგებობა უნდა ყოფილიყო ჩოხტაურში, რასაც ადასტურებს სამხედრო ისტორიკოსის ვასილი პოტოს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსებმა 1820 წლის 24 ივლისს შემოქმედის ციხის აიღების და აფეთქების შემდეგ, აიღეს და გადაწვეს ჩოხტაურში მდგომი კოშკები. ეს კოშკები სავარაუდოდო ერთმანეთთან გალავანით ან მიწარილით უნდა ყოფილიყო დაკავშირებული და ერთიან საფორტიფიკაციო ნაგებობა უნდა ყოფილიყო. ქველი ჩხატარაიშვილის ვარაუდით ჩოხატაურის კოშკები ხისაგან უნდა ყოფილიყო აგებული.
.
გურიასთან დაკავშირებულ წყაროებში ყველაზე უფრო მეტი ინფორმაცია არის მალთაყვასთან მდგომ ჯიხურთან დაკავშირებით, რომელსაც გურიელების საბაჟო/სასაზღვრო ნაგებობის დანიშნულება ჰქონდა. ამავე ჯიხურთან მოხდა ერთერთი ბრძოლა 1841 წელს აჯანყებულ გურულებსა და სამეგრელოს მილიციას შორის. ხსენებული ფაქტის აღმწერ სცენებს შეიცავს ცნობილი ფილმი „ჯანყი გურიაში“ (1928), რა როსაც შესაძლებელია “ჯიხურის” შიდა და გარე კონსტრუქციების ვიზუალური აღქმა, რომლის მიხედვითაც ჯიხურის სიმაღლე 15 მეტრზე მეტი უნდა ყოფილიყო, აგებული იყოს ხის მორებით და გადახურული იყო ყავარით.
.
საინტერესოა, რომ დღევანდელ გურიასა და ქობულეთში არსებული ტოპონიმები ადასტურებენ, როგორც ჯიხურების ადგილმდებარეობას ისე მათ სიმრავლეს. იური სიხარულიძის მიერ შეგროვებულ მასალაში არის შემდეგი ტოპონიმები:
.
ოზურგეთი, შემოქმედი – ნაჯიხურალი (გორა);
ოზურგეთი, კონჭკათში – ნაჯიხურალი (გორა);
ოზურგეთი, გამოღმა მელექედური – ნაჯიხური (გორა)
ლანჩხუთი, აცანა – ნაჯიხურალი (გორა);
ლანჩხუთი, ლესა, ზემო ჭინათი – ნაჯიხურალის ფერდი;
ჩოხტაური, ბუკისციხე – ნაჯიხურალი (გორა);
ჩოხატაური, სურები ყოვლაწმინდის გორა – ჯიხური;
ქობულეთი, ქობულეთის სასოფლო საბჭო – ნაჯიხურვალი (გორა);
ქობულეთი, კოხი – ნაჯიხურალი (გორა);
ქობულეთი, აჭყვისთავი – ნაჯიხურალი (სოფლის კუთხე);
ქობულეთი, ლეღვა (სკურა) – ნაჯიხურალი (გორი);
ხელვაჩაური, ზედა ახალშენი – ნაჯიხურევი (სერი);
ქობულეთი, შუა ახალშენი – ნაჯიხურების ღელე (ღელე);
ქობულეთი, კვირიკე – ნაჯიხურვალი (ბუჩქნარი);
.
– იური სიხარულიძე სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ტოპინიმიკა (წიგნი მე-2, 1959 წელი);
– იური სიხარულიძე „მასალები გურიის ისტორიული გეოგრაფიისათვის (ტოპონიმიკა)“ (1971);
– “ჯიხური” – კადრი ფილმიდან „ჯანყი გურიაში“ 1928 წელი (Colorize; Photoshop)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა