1770-1771 წლების თურქების შემოჭრა გურიაში – რატომ დაანგრია სოლომონ პირველმა ბუკისციხე

1770 წლის მიწურულს თურქებმა 10 000 ჯარისკაც მოუყარეს თავი ფოთთან მდგარი რუსული კორპუსის გასანაგურებლად, აქედან ნაწილი გურიის გავლით უნდა მისულიყო ფოთთან დანარჩენი კი ზღვით. თურქების 6000 კაციანი ჯარი გურიაში 1770 წლის 26 დეკემბერს შევიდა. თურქებს გიორგი V გურიელმა წინააღმდეგობა არ გაუწია, რის გამოც თურქების ნაწილმა აიღო ბუკისციხე, ასკანისა და ლიხაურის ციხეები. გიორგი გურიელისაგან განსხვავებით გურიის მოსახლეობამ თურქებს ბრძოლა გაუმართა, რის გამოც გურიაში თურქებმა სოფლები მრავლად გადაწვეს და გურიის გზა ცეცხლითა და მახვილით გაიარეს.
.
თურქები 1770 წლის 28 დეკემბერს ზღვის შესართავთან მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე დაბანაკდნენ, თურქებთან ერთად გურია მაშინ ახალციხიდან გადმოსულმა ლეკების ჯარმაც დაარბია, ახალციხე იმ დროისათვის ლეკების ერთერთი მნიშნელოვანი დასაყრდენი იყო საიდანაც პერმანენტულად თავს ესხმოდნენ და აწიოკებდნენ გურიის სოფლებს.
.
1771 წლის 3 იანვარს მალთაყვასთან მომხდარ მთავარ ბრძოლაში თურქები სასტიკად დამარცხდნენ. თურქების ნაწილმა ზღვით შეეცადა გაქცევა, უფრო დიდმა ნაწილმა კი გურიაზე გავლით ხმელეთით შეეცადა სამშვიდობოს გასვლას. მაგრამ აქ უკვე მათ გურიის მოსახლეობა დაუხვდა, რომლებმაც თითქმის მთლიანად გაჟლიტეს თურქების ჯარი. რუსების ცნობით – „გურიელის სამფლობელოში, რომლის გავლითაც თურქებმა დააპირეს წასვლა, ისინი გურიელის ხალხმა გაწყვიტა, მათ მეთაურ ლეკს კი გურიელმა (სავარაუდოდ მამია გურიელი) თავი მოკვეთა და სარზე წამოცმული მის ბრწყინვალება გრაფ ტოტლებენს გამოუგზავნა.“
.
მანამდე გიორგი IV გურიელმა რუსების გეგენრალს გრაფ ტოტლებენს 1000 მანეთი გამოართვა, რის სანაცვლოდაც რუსებისთვის ჯარის საკვები უნდა მიეცა. ამასთანავე გიორგი გურიელი დაპირდა, რომ გურიაში ჯარს შეაგროვებდა და რუსებს თურქებთან ბრძოლაში დაეხმარებოდა. მაგრამ გიორგიმ რუსებს არც პროვიანტი მისცა, არც ფული დაუბრუნა და არც ჯარი დაახმარა, მოკლედ რომ ვთქვათ იგი საერთოდ აერიდა რუსებისა და თურქების დაპირისპირებას. ამ ყველაფერმა კი ერთის მხრივ თურქებს გურიის აოხრების საშუალება მისცა, მერეს მხრივ კი გურიის ტახტიდან გადყენებულ მამია IV გურიელს ტახტის დაბრუნების რეალური შანსი მისცა.
.
თურქების გურიაში შეჭრითა და გიორგი გურიელის საქციელიდან წამოქმნილმა ზოგადმა სიტუაციამ, იმერეთის მეფეს სოლომონ I საშუალება მისცა გურიაში ჯარი შეეყვანა თურქები განედევნა, მისი ურჩი გიორგი გურიელი ტახტიდან ჩამოეგდო და გურია შემოემტკიცებინა. რა მიზნითაც 1770 წლის 30 დეკემბერს სოლომონი 1500 კაციანი იმერეთის ჯარით გურიაში შევიდა, სოლომონის ჯარს გიორგი გურიელის ტახტის მოცილე გურიის ყოფილი მთავარი მამია IV გურიელი შეუერთდა თავისი მომხრე თავად აზნაურობით.
.
1771 წლის იანვრის პირველ რიცხვებში სოლომონ პირველი თავისი ჯარით უკვე ბახვში იყო, სოლომონმა ბუკისციხიდან, ასკანის და ლიხაურის
ციხეებიდან თურქები გაყარა და ხელში ჩაიგდო მათი ჯაბახანა (არტილერია). სოლომონის სიტყვით იმერეთის ჯარმა მისი ბრძანებით ბუკისციხე დაანგრია, ცხადია ამ აქტით სოლომონმა გურიას იმერეთის მხრიდან თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვნად შეუმცირა. სოლომონმა მთავრობიდან გადააყენა გიორგი V გურიელი და გურიის ტახტზე კვლავ დასვა მამია IV გურიელი და გურიის თავადაზნაურობაზეც გავლენა აღიდგინა.
.
მომზადებულია ქველი ჩხატარაიშვილის ნაშრომის „გურიის სამთავროს“ მიხედვით.
.
წმიდა კეთილმსახური მეფე სოლომონ პირველის ხატი
შეიძლება მხატვრული ნაწარმოებია
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share