ოზურგეთის ვიცე მერის თანაშემწედ სკანდალური პიროვნება დაინიშნა-“ოცნების” ხელი ხელს ბანს პოლიტიკა

ოზურგეთის ვიცე-მერის, გიორგი ღურჯუმელიძის თანაშემწედ საკმაოდ სკანდალური პიროვნება დაინიშნა.

როგორც  “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, მიმდინარე წლის დასაწყისში, ზურაბ ცინცაძე ოფიციალურად გახდა მერიის თანამშრომელი. მისი სახელი და გვარი წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე გახმაურებულ საქმესთან ასოცირდება, მათ შორის, ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და ზეწოლა. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ავთანდილ თალაკვაძის მომხრეებად არ მოიაზრებოდნენ. ცინცაძის გვარი გაჟღერდა ასევე ჭანიეთში მცხოვრები გოდერძი ქავთარაძის ცემის ფაქტთან  და გურიანთის შემთხვევასთანაც, სადაც ცინცაძის გარდა რამდენიმე სპორტსმენის გვარიც ფიგურირებდა.

როგორც “გურიის მოამბეს” ეუბნებიან ვიცე-მერის თანაშემწე სამსახურში მხოლოდ იმ დღეს ნახეს, როცა მის დანიშვნას მოეწერა ხელი. მას შემდეგ კი ის მერიის შენობაში არავის უნახავს. როგორც ჩანს  “ქართულმა ოცნებამ”  ამ ადამიანს დაუფასა ის, რასაც მათთვის წინასარჩევნოდ აკეთებდა.

“გურიის მოამბემ” რამდენიმე წუთის წინ  გაავრცელა  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ოზურგეთის მერიაში სეროზული რეორგანიზაციაა მოსალოდნელი. მერი სავარაუდოდ, ყველა იმ თანამშრომლის გაშვებას გეგმავს, რომელიც მისთვის ნაკლებად სანდო შეიძლება იყოს. რეორგანიზაცია და გათვისუფლება არ შეეხებათ ალბათ სწორედ ისეთ ადამიანებს, რომლეთა წინაშეც “ქართული ოცნება” ვალშია. ალბათ ოზურგეთში კიდევ ძალიან ბევრ გახმაურებულ დანიშვნის ფაქტს ვიხილავთ. სავარაუდოდ, საჯარო სამსახურებში სწორედ ის ადამიანები დასაქმდებიან, რომლებიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოიჩეოდნენ წინასაარჩევნო პერიოდში. ყოველ შემთხვევაში, ავთანდილ თალაკვაძის მერად არჩევის შემდეგ, ოზურგეთისთვის მსგავსი ფაქტები უცხო ნამდვილად არ არის. განსაკუთრებით დაუფასდათ სოფლებში ადამიანებს “ქართული ოცნებისთვის” თავდადება და ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, თუ რა რეპუტაციის ან რა განათლების მქონე პიროვნებები ინიშნებიან თუნდაც მერის წარმომადგენლებად. ოზურგეთელებისთვის დღემდე სახუმარო თემაა ის, რომ ნატანებში ფრინველის და საქონლის ქურდობაში ბრალდებული პირი არის მერის წარმომადგენლად, ბახვის თემში კი ჯგუფურ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი.

ცნობისთვის, ბოლო ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურამდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის მკვიდრი, გოდერძი ქავთარაძე, ტვ “მთავარის” ეთერში მასალის გასვლის შემდეგ – უეცრად “ხიდან ჩამოვარდა, ” ხელი მოიტეხა -ფეხი მოიტეხა და თავი “გაიბზარა” ყოველ შემთხვევაში ამას გვიმტკიცებდნენ მაშინ სოფელ ჭანიეთში ასულ ჟურნალისტებს, ქავთარაძის ოჯახის წევრები, მეზობლები და ნათესავები. მაშინ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით კი, ოზურგეთის სავადმყოფოში, გოდერძი ქავთარაძე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანა. მომხდარამდე რამდენიმე საათით ადრე ტვ “მთავარმა” გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერი, სადაც ქავთარაძე “ქართული ოცნების” ცნობად სახეზე, არჩილ თალაკვაძეზე საუბრობდა და ადასტურებდა, რომ მას, ამ უკანასკნელთან, თავისი ყაჩაღობისათვის ბრალდებული პატიმარი შვილის ვადაზე ადრე გამოშვებაზე საუბარი ჰქონდა და ეს უკანასკნელი მას, ამის გაკეთებას ხმების სანაცვლოდ დაპირდა, შუამავალი კი ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, “ქართული ოცნებიდან” “ვი-თი-ბი” ბანკის თანამშრომელი, ბექა თოიძე იყო. სწორედ მომხდარ ძალადობაში ფიგურირებდა ზურაბ ცინცაძის გვარი. სწორედ აღნიშნული აუდიოს გავრცელების შემდეგ, ქავთარაძე ხელისუფლების მხარდაჭერილმა ზონდერებმა, იმ ღამესვე სასტიკად სცემეს, მათ შორის ფიგურირებდა ცინცაძის გვარიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share