სანქციების რეჟიმი სწორი რეჟიმია, უბრალოდ, დაახლოებით 15 წლით არის დაგვიანებული ის, რაც დღეს კეთდება. როდესაც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, მას სანქციები კი არ დაუწესდა, ანალიზი დაიწყეს, ვინ დაიწყო ომი და ვისი ბრალი იყო საქართველოს ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ამასთან, როგორც მარგველაშვილი ამბობს, დღეს არსებული სანქციები „საკმარისი არ არის“ და „დროში გაწელილია“.
„ეს არ არის საკმარისი, ეს სანქციები პუტინს არ შეაჩერებს. სანქციების რეჟიმი სწორი რეჟიმია, უბრალოდ ეს არის დროში გაწელილი. სანქციების თვალსაზრისით, დაგვიანებულია, დაახლოებით 15 წლით არის დაგვიანებული ის, რაც დღეს კეთდება. როდესაც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა რუსეთის ფედერაციამ, ამაზე შემდეგ რუსეთს სანქციები კი არ დაუწესდა, ანალიზი დაიწყეს, ვინ დაიწყო ომი და ვისი ბრალი იყო საქართველოს ოკუპაცია. იმ წუთიდან არის დაგვიანებული ის, რაც დღეს სწორი და კარგია. იმედი მაქვს ეს კიდევ უფრო გაღრმავდება. არც დასავლელ პარტნიორებს აქვთ ილუზია, რომ ეს სანქციები მყისიერად გაყინავს პუტინის გეგმებს ან საბრძოლო მზადყოფნას. პუტინის საბრძოლო მზადყოფნას გაყინავს მხოლოდ მსხვერპლი, რომელსაც უდანაშაულო ახალგაზრდები გაიღებენ ისტორიასთან წინააღმდეგობაში მყოფ მის ამბიციებთან ჭიდილში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ზუსტად ის სცენარი მეორდება, რაც 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაში მოხდა.
„საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოხდა ზუსტად იმ მოდელით, რა მოდელითაც შემდეგ მან გააგრძელა თავისი საქმიანობა იმ რეგიონში, რომელსაც ის დღეს ეძახის ახლო სამეზობლოს და ეს არის უკრაინა. პირველად 2014 წელს, როდესაც მან ყირიმის ანექსია მოახდინა და შეიჭრა დონეცკსა და ლუგანსკში, დღეს უკვე გადადის, დგამს შემდეგ ნაბიჯს. ვერ დავაბრალებთ პუტინს, რომ თანმიმდევრული არ არის, ან ვერ ხედავს საით მიდის, ანდა არ აქვს მწყობრი გეგმა, რომელიც არის კატასტროფა ჩვენთვის, ჩვენი შთამომავლობისთვის, ჩვენი წარსულისთვის, რადგან ამ მწყობრი გეგმის ფარგლებში, საქართველოს არ უწერია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობა, არამედ რუსეთის სატელიტად უნდა გადაიქცეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე შეფასებით, იმის ფონზე, რომ რუსეთს მისი ყოველი აგრესიული ქმედება შერჩა, ის გააგრძელებს მისი გეგმების განხორციელებას.
მარგველაშვილის თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ კრემლი გაჩერდება და არ ექნება გეგმა „ბ,“ რთული სათქმელია, რუსეთმა შესაძლოა უფრო წინ წასვლა მოინდომოს.
„არაადეკვატურია პუტინი? – ვფიქრობ, პუტინი ძალიან ადეკვატურია. 2008 წელს ისწავლა საქართველოს გაკვეთილი რომ შერჩა, გადადგა ნაბიჯი 2014 წელს. მაშინ გაიგო, რომ შერჩა ისევ და ნაბიჯი გადადგა 2022 -ში. ვინ არის ახლა უფრო არაადეკვტური? – ამ შემთხვევაში, ისინი ვინც შემოიფარგლებიან ზოგადი განცხადებებით თუ ის, ვისაც მუდმივად უკვირს ახალ პუტინს რა დაემართა და რატომ აგრძელებს იმ გეგმას, რომელსაც 15 წლის განმავლობაში მკაფიოდ და მჭერმეტყველურად გამოთქვამს?
ეს კაცი ყველაფერს ამბობს ძალიან ღიად და შემდეგ ყველაფერს აკეთებს. შესაბამისად, როდესაც ამბობს, რომ კონსტიტუციურად აღიარებულ ფარგლებში, მან სამხედრო დახმარების ხელი გაუწოდა ლუგანსკის და დონეცკის თვითაღიარებულ სეპარატისტულ რესპუბლიკებს, ამ ვითარებაში მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ის როგორც მინიმუმ, ამ ტერიტორიული ერთეულების საზღვრებზე გასვლას აპირებს. ეს იგივე ვითარებაა, როგორიც ჩვენ გვქონდა 2008 წლამდე.
საუბარია იმაზე, გაჩერდება თუ გადავა გეგმა „ბ“-ზე, ანუ უფრო დიდი ნაწილის, გამავალი მონაკვეთის აღებაზე და შემდეგ უფრო წინ თუ წავა, მისი გეგმები ახლა არის გაუგებარია. მსხვერპლი ორივე მხრიდან იქნება და მე მეცოდებიან პატარა ბიჭები, რომლებიც იარაღით ხელში, პოლიტიკოსთა აბსოლუტურად ამორალურ გეგმებს ეწირებიან“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ინტერპრესნიუსი