წყევლისა და ყალბი ფიცისგან ოჯახის დახსნის, „განთავისუფლების“ მიზნით გამართული გურული ლოცვა. საამისოდ დაკლავდნენ თხას, რომლის მოხარშულ ხორცს გობზე დააწყობდნენ, უნთებდნენ სანთელს, დააკმევდნენ საკმეველს, თან ღმერთს ეხვეწებოდნენ დაეხსნა ოჯახი.
.
შემდეგ სუფრას მიუსხდებოდნენ, ხოლო მოწვეული მღვდელი, აიღებდა რა ხელში ღვინით სავსე თასს, შემდეგი სახის ლოცვას წარმოთ-ქვამდა:
„ღმერთო დიდებულო (შემდეგ იმ წმინდანის სახელს იტყოდა, რომლის სახელობისაც იყო სოფლის ეკლესია), შენ იხსენი ჩვენი მასპინძელი ყოველი ჭირისა და ფათერაკისაგან, ნაწყევარი იყოს, ნაფიცარი იყოს, თავზე შამონარები იყო, ყოველივე შეუნდე და მუუტავე, ცოდვას ნუ კითხავ და შენს მადლს და მოწყალებას ნუ მოაკლებ“.
.
იქ მყოფნი მასპინძელს დაახლოებით ასეთივე ტექსტით დალოცავდნენ და მოილხენდნენ. სამსხვერპლო თხის თავფეხი, ტყავი და ხორცის რამდენიმე საპატიო ნაწილი მღვდელს მიჰქონდა.
.
ა. წულაძე. ეთნოგრაფიული გურია
.
ფოტოგრეფი ჟან რაული 1878 წელი – გურული მღვდელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა