გურიის მოამბე

“ქართული ოცნება“ პანიკაშია“- ტობიას კრამერი

საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს, მათ ქართველებს საშუალება უნდა მისცენ, რომ თავიანთი სიტყვა ახალ და სამართლიან არჩევნებში გამოხატონ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრამერმა (გერმანია) ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით,  ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში 400-ზე მეტი ქართველი, მათ შორის პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და რიგითი მოქალაქე დააკავეს და აწამეს.

”ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში 400-ზე მეტი ქართველი, მათ შორის პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და რიგითი მოქალაქე დააკავეს და აწამეს. მათი დანაშაული კი უკვე 55-ე დღეა ევროპული მომავლის მოთხოვნით ქუჩაში გამოსვლაა. მე ხალხის გამბედაობა დეკემბერში ჩვენი ვიზიტისას ვნახე. ყველა ასაკის ადამიანი ქუჩაში ევროკავშირში მომავლისთვის და ევროპარლამენტში წარმოდგენისთვის გამოდის. ამას აკეთებენ მაშინ, როცა იციან რომ „ქართული ოცნების“ რეპრესიებისგან დაცული არავინ არ არის, მათ შორის არც ყოფილი პრემიერი და არც პრეზიდენტი“, – განაცხადა კრამერმა.

კრამერის განცხადებით, “ძალადობის ესკალაცია ძლიერების ნიშანი არ არის, არამედ იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნება“ პანიკაშია“.

”ქართველები თავს შეშინების უფლებას არ აძლევენ, რადგან ძალადობის ესკალაცია ძლიერების ნიშანი არ არის, არამედ იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნება“ პანიკაშია. მათ ქართველი ხალხის ნება და ევროპული იდეის სიძლიერე სათანადოდ ვერ შეაფასეს. იფიქრეს, რომ არჩევნების გაყალბებას შეძლებდნენ, რუსული სამოქმედო გეგმით იმოქმედებდნენ, დაშინებით ძალაუფლებას გაიმყარებდნენ, მაგრამ მიხვდნენ, რომ ეს ეშმაკთან გარიგებაა. პუტინი პარტნიორებს არ ეძებს. ჯერ კიდევ არის დრო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს კოშმარი დაასრულოს. ევროპისა და თავისუფლების კარი კვლავ ღია რჩება, მაგრამ ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს. მათ ქართველებს საშუალება უნდა მისცენ, რომ თავიანთი სიტყვა ახალ და სამართლიან არჩევნებში გამოხატონ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share