რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ უნდა მოხდეს პრევენცია | ივანე ჩხაიძე გრიპის გაზრდილ მაჩვენებელზე

რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს, რა სიმპტომები ახასიათებს გავრცელებულ ვირუსებს და როგორ უნდა მოხდეს პრევენცია – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, “იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

“ახლა ქვეყანაში მოცირკულირე ვირუსებს შორის გრიპი  თავისი მიმდინარეობის  თავისებურების, გართულებებისა   და ჰოსპიტალიზაციის რისკის  გათვალისწინებით ყველაზე მძიმე ვირუსს წარმოადგენს. თუ ბოლო 5  კვირის მონაცემებს შევადარებთ,  ის სტატისტიკა,  რასაც “დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრი” გვაძლევს, ნათლად გვიჩვენებს, რომ ყოველკვირეულად   გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი  ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის მატულობს. მატება დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო, განსაკუთრებით მკვეთრი მატება იანვრის პირველ , მეორე და მესამე კვირას გამოვლინდა.  იანვარი გრიპის ვირუსის მატების თვალსაზრისით გამორჩეული იყო. თუ დეკემბრის ბოლოს ვირუსების საერთო წილში  გრიპის ხვედრითი შემადგენლობა  25% იყო, ახლა 60%-ს მიაღწია.  ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რაც ნიშნავს, უხეშად რომ ვთქვათ,   10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია.

ყველა წინა სტატისტიკა მკაფიოდ გვიჩვენებდა, რომ H 1  ტიპის ვირუსი  ყველაზე მეტად იყო გავრცელებული, ბოლო მონაცემი, იანვრის მესამე კვირა მიგვითითებს, რომ პირიქით,   B  ტიპის ვირუსის  სიჭარბეა. ახლა 36 %  B  ტიპის ვირუსია, 24 %  A ტიპის  H 1   ტიპის ვირუსი. ორივეს იდენტური კლინიკური სიმპტომატიკა ახასიათებს: ესაა მაღალი ტემპერატურა,  38 გრადუსი და მეტი, თავის ძლიერი ტკივილი, ყელის, თვალების ტკივილი, სახსრების, კუნთების ტკივილი , ხველა, საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება,  მცირე ასაკის ბავშვებში, შესაძლოა, ღებინება და დიარეა გამოჩნდეს

რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინაცია გვიანი არასდროსაა.   მეორე რეკომენდაცია  მკურნალობას ეხება:  გრიპი იმ ვირუსების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის  საწინააღმდეგო ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება არსებობს. თუ მიეკუთვნებით რისკის ჯგუფს და აღგენიშნათ ის სიმპტომები, რაც ჩამოვთვალე,  სასურველია,  პირველივე დღეს თქვენი მკურნალი ექიმი საქმის კურსში იყოს და გადაწყვეტილება მიიღოს, დაიწყოთ, თუ არა ანტივირუსული პრეპარატი.” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მისი თქმით, გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც და იაშვილის კლინიკაში 25-საწოლიანი დეპარტამენტი დაამატეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share