1999 წლის 27 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზში ევროპული ქვეყნების დელეგაციები ტაშით შეეგებნენ ლიდერს იმ ქვეყნიდან, სადაც თავისუფლებისა და ევროპისკენ სწრაფვის გამო სისხლი არაერთხელ დაიღვარა. საბჭოთა მარწუხებს დახსნილმა საქართველომ ამ დღეს ისტორიული განაცხადი გააკეთა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 41-ე წევრი ქვეყანა გახდა.
ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი საგარეო პოლიტიკასა და ურთიერთობების საკითხებში – გელა ჩარკვიანი წლების შემდეგ მოგონებებში -სახელწოდებით „ნაცნობ ქიმერთა ფერხული“ გაიხსენებს, რომ ლორდმა რასელ-ჯონსტონმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, ამ დღეს შევარდნაძის საპასუხო სიტყვაში ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა განსაკუთრებით აღნიშნა და თქვა, რომ საქართველო პირველი იყო კავკასიის ქვეყნებს შორის, ვინც ევროპაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის წევრი ხდებოდა.
ქვეყნისთვის ამ ისტორიული გარღვევის მომზადებაში ლომის წილი აქვს ზურაბ ჟვანიას, რომელმაც 2 თვით ადრე ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ყველა ქართველის სათქმელი ჩაიტანა.
ეს იყო 1999 წლის 27 იანვარს. ამ დღის შემდეგ ზურაბ ჟვანიას იდეის ბოლომდე აღსრულება მომდევნო ხელისუფლებებმა გადაიბარეს. სატელევიზიო არქივი მრავლად ინახავს საქართველოს პირველი პირების სიტყვით გამოსვლებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზში. ტრიბუნა არაერთხელ დაუკავებია მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
სწორედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იყო პირველი და ბოლო საერთაშორისო ტრიბუნა, სადაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერის რანგში სიტყვით გამოვიდა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ „სამართლიანობის აღდგენა“ დაიწყო.
ევროსაბჭოში ივანიშვილის სიტყვით გამოსვლიდან 12 წლის შემდეგ ივანიშვილის პარტიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. ამ განცხადების გაკეთებისას ფონად გაისმა შეძახილი, რომელიც საპროტესტო აქციების მთავარი სლოგანია.
სტრასბურგში არეული სიტუაციის დასალაგებლად ოლიგარქის მიერ მივლენილ წულუკიანს და მიქანაძეს ამ განცხადების გაკეთება მას შემდეგ მოუწიათ, რაც ქართული ოცნების დელეგაციამ ევროსაბჭოში სრული პოლიტიკური კრახი განიცადა. საპარლამენტო ასამბლეამ დროებით შეუზღუდა უფლებამოსილება ქართული ოცნების დელეგაციას და არალეგიტიმურ ხელისუფლებას აპრილამდე განუსაზღვრა ვადა ახალი არჩევნების დასანიშნად და პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად. დარბაზში ამ დროს სხდომას ესწრებოდა ქართული პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც მხარდაჭერილ დოკუმენტს ქართველი ხალხის გამარჯვებად აფასებს. ოცნებამ კი რეზოლუციას ყალბი დემარშით უპასუხა, ისევე როგორც რუსეთმა 2022 წელს, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელმა ამავე მიზეზით თქვა უარი ევროსაბჭოს წევრობაზე და ორგანიზაცია დატოვა.
სხდომათა დარბაზში ქართულ ოცნებას ერთი მხარდამჭერიც კი არ აღმოაჩნდა. თითოეული გამომსვლელის საუბრიდან იკვეთებოდა, რომ ყველა ქვეყანა დეტალურადაა ინფორმირებული ოცნების სისასტიკესა და რუსულ მმართველობაზე. პარტნიორების ინფორმირებაში დიდი წვლილი აქვს არასამთავრობო სექტორს, რომელიც ამ დღეებში სტრასბურგში ქართველი ხალხის ინტერესების გასამარჯვებლად ყველაფერს აკეთებდა.
“ქართველი, მაშასადამე ევროპელი” – ზურაბ ჟვანიას დატოვებულ ამ მთავარ პრინციპს 26 წლის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართველი ხალხის სახელით პროდასავლური ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციები იცავდნენ. ნიღაბჩამოხსნილმა ქართულმა ოცნებამ კი 28 ნოემბრის შემდეგ კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დაარღვია და ევროკავშირში ინტეგრაციის გაჩერების შემდეგ, ამჯერად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობაზე თქვა უარი.