ტესლას აღმასრულებელი დირექტორი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანისა და სოციალური ქსელი Twitter-ის პოტენციური მფლობელი ილონ მასკი კომპანია ტესლაში სამუშაო ადგილების 10%-მდე შემცირებას განიხილავს, ვინაიდან, მისი თქმით, მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.
ამჟამად ტესლას დაახლოებით 5000 პოზიციაზე 100 000-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. 2 ივნისს, ქარხნების აღმასრულებელ დირექტორებს მასკმა მსოფლიო მასშტაბით დამატებით კადრების აყვანის შეჩერებისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ კი, მასკმა ყველა თანამშრომელს ქარხანაში დაბრუნებისა და კვირაში მინიმუმ 40 საათი მუშაობის შინაარსის მქონე წერილი გაუგზავნა.
“რაც უფრო მაღალი თანამდებობის პირი ხარ, მით უფრო თვალსაჩინო უნდა იყო სხვებისთვის. ამიტომ ვცხოვრობდი ქარხანაში – რათა თანამშრომლებს ენახათ, რომ მათთან ერთად ვმუშაობდი. ეს რომ არ გამეკეთებინა, ტესლა დიდი ხნის წინ გაკოტრდებოდა”. – წერს მასკი ოფისში დაბრუნების წერილში.
გერმანიის უმსხვილესმა გაერთიანების, IG Metall-ის მაღალჩინოსნის თქმით, ორგანიზაცია ნებისმიერ მუშაკს, რომელიც გადაწყვეტს დისტანციურად გააგრძელოს მუშაობა, მხარს დაუჭერს. Tesla-ს გერმანიაში 4000 თანამშრომელი ჰყავს.
„ვინც არ ეთანხმება ასეთ ცალმხრივ მოთხოვნებს და სურს მათ წინააღმდეგ დადგეს, აქვს გაერთიანების მხარდაჭერა, გერმანული კანონის შესაბამისად“ – თქვა IG Metall-ის წარმომადგენელმა.
შემცირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ტესლას აქციებზე ფასი 3%-ით დაეცა. ჯერჯერობით ტესლას მანქანებსა და სხვა ელექტრომობილებზე მოთხოვნა არ შემცირებულა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მთლიანობაში ტესლას აქციებზე ფასები 22%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც მასკმა ისინი Twitter-ის შესყიდვის დასაფინანსებლად გამოიყენა. ამის გარდა, აქციების ფასზე გლობალურ ეკონომიკაზე შფოთვამ და Covid-19-ის კარანტინმა შანხაიში, სადაც ტესლას ქარხანა აქვს, იმოქმედა.