“კორუფციული რეჟიმი კლავს“ – დევნილები 15:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ

ოკუპირებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები 3 თებერვალს, 15:00 საათზე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეიკრიბებიან.

მათი თქმით, აფხაზეთის ომიდან სამი ათწლეულის შემდეგაც კი დევნილთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს ნორმალური საცხოვრისი და მათი უმეტესობა ისევ დროებით კომპაქტურ ჩასახლებებში, ყოველგვარი ღირსეული და ადამიანური პირობების გარეშე ცხოვრობს.

მათი თქმით, ამის მიზეზი დევნილთა სამინისტროში არსებული კორუფციაა.

2025 წლის 27 იანვარს, დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა დევნილთა სააგენტოსთან თავის დაიწვა. ის შეხვედრასა და ვინმესთან ლაპარაკს ითხოვდა, საცხოვრისთან დაკავშირებით. დღეს, 1 თებერვალს ზამირ კვეკვესკირი საავადმყოფოში, მრავლობითი და მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა. ეს არ არის ცალკე მდგომი ტრაგედია. 2010 წელს, დევნილი ქალი, ნანა ფიფია, გარდაიცვალა. მან დევნილთა სამინისტროს შენობასთან თავი დაიწვა. – 17 წელი აფხაზეთის ომიდან.

2012 წელს თავის დაწვა სცადა ვახტანგ ჭანტურიამ, დევნილთა სამინისტროს შენობასთან. მხოლოდ ამის შემდეგ დაფაცურდა სამინისტრო და დადო პირობა, რომ ამ კაცს ერთ კვირაში დაეხმარებოდა. – 19 წელი აფხაზეთის ომიდან.

2014 წელს ფოთში, დევნილმა ქალმა, დალი აბურჯანიამ, თავის დაწვა სცადა – 21 წელი აფხაზეთის ომიდან.

2022 წელს, დევნილი კაცი, ზურაბ ჭიჭოშვილი, პროტესტის ნიშნად შენობიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. – 27 წელი აფხაზეთის ომიდან.

აფხაზეთის ომიდან სამი ათწლეულის შემდეგაც კი დევნილთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს ნორმალური საცხოვრისი და მათი უმეტესობა ისევ „დროებით“ კომპაქტურ ჩასახლებებში ცხოვრობს, ყოველგვარი ღირსეული და ადამიანური პირობების გარეშე! ამის მიზეზი უნიათო სახელმწიფო სტრუქტურების გარდა ის ხანგრძლივი და ფესვგადგმული კორუფციაა, რომელიც დევნილთა სამინისტროში სუფევს და ადამიანებისგან მსხვერპლად ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შეწირვას ითხოვს, ჭერის სანაცვლოდ! კორუფციულ რეჟიმს დევნილები თვითმკვლელობამდე მიჰყავს უკვე მრავალი წელია! კორუფციულ რეჟიმს მხოლოდ მაშინ ახსენდება დევნილები, როცა მათგან ხმის მიღება სჭირდება, ან მათი ტრავმებით მანიპულირებას ცდილობს! კორუფციული რეჟიმი არასდროს ყოფილა დევნილების მხარდამჭერი, მეტიც, ის აკეთებდა ყველაფერს, რომ დევნილები დღის წესრიგიდან სამუდამოდ გაერიყა! კორუფციულმა რეჟიმმა ზედმეტად ბევრი მსხვერპლი მიიღო ჩვენგან, საკმარისია!

ზამირის და სხვა დევნილების სოლიდარობისთვის და კორუფციული რეჟიმის გასაპროტესტებლად ვიკრიბებით ორშაბათს, 3 თებერვალს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან!

მისამართი: წერეთლის გამზირი, #144″, – აღნიშნულია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share