ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ვენაში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს ბეათე მაინლ-რაიზინგერს შეხვდა.
რაიზინგერმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მან შეხვედრაზე ივანიშვილის მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის შეჩერებასა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევებსა და საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე გაუსვა ხაზი.
“სამწუხაროდ, დღეს ჩვენ განსახილველ თემებში ბევრი რთული საკითხიც გვქონდა. როცა საქმე ევროკავშირში გაწევრიანების გზას ეხება, საქართველომ უკუსვლა დაიწყო. ეს როგორც ავსტრიული, ასევე ევროპული პერსპექტივიდან, დასანანია. ჩვენ ვხედავთ რეფორმების უკუსვლას სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების საკითხებშიც” – თქვა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა
რაიზინგერმა ასევე აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი კანონების მიღება შემაშფოთებელია და ამ და ზემოარნიშნული მიზეზების გამო ევროკავშირმა საქართველოს მთავრობის 120 მილიონი ევროს ღირებულების პირდაპირი დახმარება შეაჩერა.
“ჩემს ქართველ კოლეგას მკაფიოდ განვუცხადე, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობას. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს. ძალადობის ყველა აქტი უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები – პასუხისგებაში მიცემული”- თქვა რაიზინგერმა
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან საუბარი უმნიშვნელოვანესი და უალტერნატივოა. მან ყველა პასუხისმგებელ პოლიტიკურ აქტორს განსხვავებებისა და პოლარიზაციის გადაჭრისკენ მოუწოდა.
“მე წინააღმდეგი ვარ კარის მთლიანად დახურვის. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრით ეს მკაფიოდ განვაცხადე. აუცილებელია, შევინარჩუნოთ კომუნიკაციის ღია არხები. ვენა დიდი ხნის განმავლობაში იყო დიალოგისა და დიპლომატიის ცენტრი, და ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, ისევე როგორც ქართველი კოლეგების ვიზიტი ვენაში, ამ როლს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ჩვენ მზად ვართ, ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და საქართველოს [ევროკავშირში] გაწევრიანების გზას მხარი დავუჭიროთ, თუკი ხელისუფლება შეცვლის ამჟამინდელ კურსს. კურსის შეცვლა ასევე ასახავდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, 80%-ზე მეტი, მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაზეც ჩვენ ასევე ვისაუბრეთ” – თქვა ბეათე მაინლ-რაიზინგერმა