ნანუკას ფონდის დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფონდზე ყადაღის მოხსნაზე უარი მიიღო.
20 მარტს, ჟორჟოლიანმა ფონდისთვის ყადაღის მოხსნის თხოვნით, გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს მიმართა.
“მივმართავ გენერალურ პროკურორ გაბიტაშვილს. 11 ბენეფიციარი ელოდება სიცოცხლის გადარჩენას. აქედან 4 ბავშვია. მოხსენით ყადაღა ჩემს ფონდს და მომეცით უფლება დავეხმარო ამ ადამიანებს. მე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ვდებ საჯარო პირობას, მაგ თანხიდან ერთი თეთრი არ გადაირიცხება პოლიტიკურ კონტექსტში. თანხა დაიხარჯება მხოლოდ მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვებზე და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე”- წერდა მაშინ ჟორჟოლიანი.
განცხადება მან პროკურატურაშიც შეიტანა.
ცნობისთვის, 17 მარტს, ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა – უწყების განცხადებით, დაყადაღებულია: – ნანუკას ფონდი, ფროსფერითი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
აღნიშნული ფონდები ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას უწევენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული და დაჯარიმებული მოქალაქეებს. ასევე გურიის სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას.