“ან ევრაზიული კავშირი ან ევროკავშირი” – სომხეთს რუსეთი ულტიმატუმს უყენებს

მას შემდეგ რაც სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას მხარი საბოლოოდ დაუჭირა, მოსკოვში კომენტარი გააკეთეს.

26 მარტს სომხეთის პარლამენტში (სადაც 107 ადგილია) მმართველი გუნდის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანების კანონპროექტის მეორე მოსმენას

“სომხეთს არ შეეძლება „ორ სკამზე ჯდომა“, მას მოუწევს არჩევანის გაკეთება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს (ЕАЭС) და ევროკავშირს შორის”, –  ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა.

მანამდე სომხეთის პარლამენტის დეპუტატებმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას შეეხება.

„მე გავეცანი მიღებული კანონის ტექსტს. ის ისეთი ტიპისაა, რომ „ყველაფერ კარგს ემხრობა და ყველაფერ ცუდს ეწინააღმდეგება“, ანუ სრულიად ზოგადი ფრაზებია. ეს სომხეთის შიდა საქმეა. თუმცა ჩვენ გვესმის, რომ როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, ისე ევროკავშირი მსგავს დღის წესრიგს მიჰყვებიან. შესაბამისად, ქვეყანას მოუწევს არჩევანის გაკეთება. რადგან ორ სკამზე ერთდროულად ჯდომა შეუძლებელია – ეს აბსოლუტურად ნათელია,“ – განაცხადა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთი აგრძელებს აქტიურ მუშაობას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში”– აღნიშნა მან.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ პროცესებს. გვესმის, რომ თუ სომხეთი ევროპისკენ მიდის, შესაბამისად, მოგვიწევს მთლიანი ეკონომიკური ურთიერთობების გადახედვა ამ ქვეყანასთან. და სამწუხაროდ, ეს იმოქმედებს სომხეთში ადამიანების ცხოვრების დონეზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არასასურველია”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share