მანვე ისაუბრა საკვებისმიერი მოწამვლის ფაქტებზე და აღნიშნა, რომ კლინიკაში ასეთი შემთხვევები იშვიათად ფიქსირდება.
„რძის პროდუქტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა საკვები, ძალიან იშვიათად ფიქსირდება მასთან ასოცირებული მოწამვლის სიხშირე კლინიკაში. დღეს, საქართველოში ტოქსინების იდენტიფიცირება პრაქტიკულად არცერთ კლინიკაში არ ხდება. როცა კვებითი ინტოქსიკაციით შემოდის პაციენტი ამ შემთხვევაში ხდება გამიჯვნა ეს არის ბაქტერიული პრობლემა თუ ტოქსიკური. როცა ბაქტერიული არ დასტურდება, რჩება ვარიანტი, რომ მოწამვლა შეიძლება გამოწვეული იყოს ტოქსინებით.
ტოქსინი ძალიან ბევრია და ყველას იდენტიფიცირება შეუძლებელია. მაგალითისთვის, ძალიან გავრცელებულია როდენტიციდები, ე.წ. თაგვის წამალი, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს ტკბილეულს, ფერადია და შესაძლოა ადამიანის ორგანიზმში შემთხვევით მოხვდეს. ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები გაუფრთხილებლობით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არასპეციფიური ლაბორატორიით ვხვდებით, ამ მოწამვლებს და იმ გართულებებით რაც დგება.
ნებისმიერი ტოქსინის იდენტიფიცირებას სჭირდება ძალიან დიდი დრო. გვაქვს საერთაშორისო ლაბორატორიები, სადაც ვაგზავნით და ველოდებით პასუხს, მაგრამ მკურნალობა მწვავე პერიოდში უნდა დავიწყოთ და ბუნებრივია ამ საერთაშორისო ლაბორატორიების პასუხს ვერ ველოდებით. შესაბამისად, ვიწყებთ სიმპტომების მიხედვით მკურნალობას და ექიმის კომპეტენციაზეა დამოკიდებული რას მიაკუთვნებს. ტოქსიკოლოგები ძალიან ცოტა ვართ ქვეყანაში, პედიატრიულ ნაწილში განყოფილებაც კი არ არსებობს, რაც დიდი ტრაგედიაა საქართველოში. ამ კუთხით პრობლემა ნამდვილად არის. ქიმიური ინტოქსიკაციების სიხშირე საკმაოდ მაღალია, მაგრამ მათი იდენტიფიცირება არც ისე ხშირად ხდება, დიაგნოზები რაც შედის ჯანდაცვაში დაუზუსტებელია, რადგან შეუძლებელია ყველა ნივთიერების იდენტიფიცირება და მიდის სიმპტომური მკურნალობა“, – განაცხადა ეკა ქურდაძემ.