საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ”მოამბის” წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და გადაცემის რეალური სივრცე წამყვანი ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს.
ჟურნალისტების განცხადებით, ტელეკომპანიის განმარტებით, გათავისუფლების საფუძველი არხის შიდა მოკვლევის დასკვნაა.
“დაახლოებით 1 საათის წინ დამირეკა, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და მითხრა, რომ 1 საათში მელოდებოდა, გენერალური დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში, მოვედი და გამაცნეს გადაწყვეტილება შიდა მოკვლევის მიერ მოკვლეული დოკუმენტის მიხედვით, დღეს დირექტორთა საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე გავეთავისუფლებინე სამსახურიდან” – ამბობს ივანოვ-ჩიქოვანი
ორივე ჟურნალისტს, მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გათავისუფლების შესახებ ზეპირ შევხედრაზე აცნობა.
“40 წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. […] ზუსტად ორი წუთის წინ, საზმაუს დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხაილოვამ და თამარ შუბლაძემ, ასე თავის ქნევით მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და სამწუხაროდ, უნდა გაგიშვათო. რა თქმა უნდა, ეს საქმე წავა სასამართლოში” – განაცხადა ზაუტაშვილმა.
ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი არხის სარედაქტიო პოლიტიკას საჯაროდ აკრიტიკებდნენ და სახელისუფლებო გავლენებზე საუბრობდნენ.
თებერვლიდან ივანოვ-ჩიქოვანს მაუწყებლსი გადაწყევტილებით 18:00-საათიანი მოამებე აღარ მიჰყავდა.