ჯარიმას გადავიხდი თუ არა, ამას ვნახავთ – ნიკა გვარამია

გადავიხდი თუ არა, ამას ვნახავთ – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, “ამ ყველაფერს შემხებლობა და ზემოქმედება ექნება არა მარტო მასზე, არამედ პარტიაზეც“.

ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ გირაოს თანხა საერთოდ არ გადაიხადოს.

”30 000 ლარი გირაო 50 დღის განმავლობაში. გადავიხდი თუ არა, ამას ვნახავთ. ამ ყველაფერს შემხებლობა და ზემოქმედება ექნება არა მარტო პირადად ჩემზე, არამედ ჩემს პარტიაზეც, ამიტომ ერთად უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ არ გადავიხადო”, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, მომდევნო თვეები რეპრესიების თვეები იქნება.

”ეს თვეები იქნება დაჭერების მცდელობები და ეს რეპრესიების თვეები იქნება, განსაკუთრებით მაისი, ივნისი, ივლისი – ეს ყოველთვის ჩანს და აგვისტო ყოველთვის პიკია დაჭერების, მაგრამ, მოდით, ჩვენ არ ვიფიქროთ ამაზე, იფიქროს “ქართულმა ოცნებამ” – მათთან დაკავშირებული პროცესები ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით სადამდე შეიძლება მივიდეს. იფიქროს და ჯობია, “დაასტოპოს” დროზე იმიტომ, რომ მათთვის ძალიან ცუდ დასასრულამდე შეიძლება მივიდეს”, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას მოსამართლემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არდასწრების გამო, 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share