აღდგომის ღამე რუსთაველზე – აქციას კულტურის სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან

მზადება აქციისთვის – მასშტაბურ შეკრებამდე რამდენი საათი რჩება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე სტუდენტებთან, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც შეხვდებიან.

მოთხოვნები და მიზნები უცვლელია – ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები არ გათავისუფლდებიან და ახალი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.

რუსთაველზე თავისუფალი მომავლის მცველ ახალგაზრდებთან ერთად იდგება ქეთათო პოპიაშვილიც. მისი შეფასებით, მომავალი თაობის წარმომადგენლების გვერდით დგომა განსაკუთრებით აუცილებელია, რათა საქართველო გადარჩეს.

სტუდენტები ჩვენს ქვეყანაში ძალიან აქტიურობენ და მათი მართალი სიტყვა უფრო მკაფიოდ ჟღერს და მათ ირგვლივ ხდება საზოგადოების გაერთიანება და ბევრი ადამიანი გამოდის ხოლმე ამ გულწრფელი პროტესტი გამოსახატად. გავერთიანდეთ იმ საერთო ფასეულობის ირგვლივ, რაც არის დასავლური ფასეულობა და ეს არ არის მოდას აყოლა. ეს არის ის გზა, რაც გადაგვარჩენს. პროტესტის გამოხატვის ფორმა მშვიდობიანი უნდა იყოს და სტუდენტების და ახალგაზრდების გვერდით დგომა არის ის, რაც აუცილებლელია დღევანდელ დღეს”, – ამბობს ქეთათო პოპიაშვილი.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს რუსთაველზე კინორეჟისორი, გიორგი თავართქილაძეც შეხვდება. ხელოვანი საქართველოს მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ვისაც სიცოცხლე გვახარებს და ვისაც გვინდა თავისუფლება, ყველა უნდა გავიდეთ. ამ დღეს კიდევ უფრო მეტი დატვირთვა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტი, როცა სტუდენტებმა დადეს ფიცი. ეს ფიცი მარტო სტუდენტებმა, ეს ყველას ფიცია. სტუდენტები ამ ყველაფრის ავანგარდი იყვნენ, ამიტომ კიდევ ერთხელ და იქამდე სანამ საჭიროა უნდა დავამტკიცოთ, რომ სიკვდილი ყოველთვის ამარცხებს სიცოცხლეს და ჩვენი გასვლით კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ამას, რომ ჩვენ ვართ სიცოცხლის მხარეს”, – ამბობს გიორგი თავართქილაძე. 

დიდი ერთობის დღე საქართველოში – ქვეყანაში საპროტესტო შეკრებისთვის ემზადებიან. ამ საღამოს, 19:00 საათიდან ყურადღების ცენტრში რუსთაველის გამზირი იქნება.

პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები გეგმავენ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ცენტრალურ გამზირზე ერთად შეხვდნენ. მარშრუტი კი ასეთია. თავდაპირველად, ახალგაზრდები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლები. მათ შორის, საზოგადოებას რეჟიმის ტყვეების მშობლებიც მიმართავენ.

შემდეგ პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები მსვლელობით გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ასევე სიტყვით ვეტერანები და დაღუპული გმირების შვილები გამოვლენ. ახალგაზრდები ასევე სიმბოლურად ფიცის დადებასაც აპირებენ, ფიცის ტექსტს კი სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა წაიკითხავს.

საბოლოოდ კი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები გმირთა მემორიალიდან მსვლელობით რუსთაველზე გადაინაცვლებენ და სანთლებით ხელში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share