კოალიცია “ცვლილებისთვის” საქართველოში ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ ჰ. სინირლიოღლუს ვიზიტს ეხმაურება და მასთან შეხვედრაზე უარის თქმით მიზეზს განმარტავს.
როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, “ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს”.
“დღეს, საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, რაც “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედებებით – კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებითა და უდანაშაულო ადამიანების დაკავებებით არის გამოწვეული. აღნიშნულ ვითარებაში ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხრიდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ეუთო/ოდირის ოფიციალური დასკვნით 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარეს საზოგადოების ნდობას პროცესისადმი.
სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ეუთოს წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ე.წ. ვენის მექანიზმი აამოქმედეს, რომელიც მანამდე ბელარუსისა და რუსეთის მიმართ იქნა გამოყენებული”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ჩამოვიდა. ეუთოს გენერალური მდივანი “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.