“რომ არა ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება, დადებდით ამ შედეგს?”-შარაშენიძე თალაკვაძეს

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, კონსტანტინე შარაშენიძე მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის პოსტს ეხმაურება, სადაც ის ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და მეორე ტურში გამარჯვების შანსებზე საუბრობს, რის საფუძველსაც პირველ ტურში კონკურენტთან 15%-იანი სხვაობა აძლევს:
“მინდა გამოვეხმაურო არჩილ თალაკვაძის ძმის (ერთგვარი რუდიმენტის), “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებას, სადაც ის სიამაყით აღნიშნავს, რომ მოქმედი მერი კონსტანტინე შარაშენიძე არჩევნების პირველ ტურში 15%-იანი სხვაობით დაამარცხა. მინდა ვკითხო მას (მათ)? რომ არა თქვენს ლოკალურ ,,შტაბებში“, რომლებიც სხვადასხვა სოფელში გქონდათ დაფუძნებული მოქალაქეების დაბარება და მათი დაშინება შეეცვალათ პოზიცია, რომ არა ადამიანების სიღარიბით სარგებლობა და მათი 250 და 500 ლარად მოსყიდვა და სხვა ელემენტარული საჭიროებებით დაკმაყოფილება, რომ არა თქვენი შტაბის წევრების მხრიდან ოპონონტების შანტაჟი და დაშინება, მიიღებდით კი ამ 15%-იან სხვაობას? მაშინ, როცა მოქმედმა მერმა ყოველგვარი უსინდისობის გარეშე, მხოლოდ ნაკეთები საქმეების ხარჯზე, ვინმესთან გარიგების გარეშე, მიიღო ოზურგეთის მოქალაქეების მხარდაჭერა! ფაქტი ცხადია და ხილული, არც ნაცმოძრაობის ხარჯზე გადასულა კონსტანტინე შარაშენიძე მეორე ტურში, რადგან ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა ხმების სოლიდური რაოდენობა მიიღო. რაც შეეხება, განცხადებაში მოყვანილ ფაქტს, მოქმედი მერის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებისა და ამის გამო, სასამართლოს მიერ მისი კანონის დამრღვევად ცნობის შესახებ, წარმოადგენს აბსოლუტურ ტყუილს და აღნიშნული შეიძლება მივაწეროთ მხოლოდ იაფფასიან აგიტაციას, რადგან მსგავსი ბრალდების საფუძველზე, საქმე მართლაც მიმდინარეობდა ოზურგეთის საქალაქო სასამართლოში, რაც საბოლოოდ კონსტანტინე შარაშენიძის აბსოლუტური გამარჯვებით დასრულდა და ეს ყოველივე ცნობილი გახლავთ ოპონენტებისთვის. თანხა, რომელიც პარტია ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ, ოზურგეთის მერის არჩევნების პირველ ტურში დახარჯა, თავისი სიდიდის და უკიდეგანოდ დიდი მოცულობის გამო, შეიძლებოდა მოხმარებოდა ბევრ კეთილ და კარგ საქმეს, შეიძლება დახარჯულიყო ბევრ სოციალურ პროექტზე, მაგრამ სამწუხაროდ, დაიხარჯა ამორალურ, ყოველგვარ ზღვარს გადასულ ,,გულის ამრევ“ საარჩევნო საქმიანობაში, რომელიც ზემოთ ხსენებულმა ძმებმა განახორციელეს და კიდევ აპირებენ განხორციელებას.
იბრძოლეთ სუფთად!
საცოდაობაა და დიდი სირცხვილი, როცა ადამიანებს მეორე ტური მხოლოდ იმიტომ უხარიათ, რომ დამატებით თანხებს აიღებენ თქვენგან და თქვენი დამფინანსებლებისგან!
მაგრამ ოზურგეთელი კაცი საბოლოოდ მაინც არ გაიყიდება!
ამ ქალაქს, ამ სოფლებს ცხოვრების განსაკუთრებული, კაცური წესი აქვთ, სადაც უწესობის და უზნეობის ადგილი არ არის”!!!-წერს შარაშენიძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share