რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ქართული ოცნება “ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება და საქართველო 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება”.
ზახაროვას აზრით, 2030 წლისთვის შესაძლოა ევროკავშირი აღარ არსებობდეს.
“იცით, მთავარია, ვისაც ევროკავშირში შესვლა 2030 ან კიდევ რომელიმე წლისთვის სურს, საერთოდ შესასვლელი ადგილი დარჩეთ… უბრალოდ, დაიმახსოვრეთ: კარგი რომ ყოფილიყო, ბრიტანეთი არ გამოვიდოდა.” – თქვა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, “ევროკავშირში კრიზისული მოვლენები ცხადია” და “პოტენციალი იმდენად პროგნოზირებადია”, რომ, ვისაც “საკუთარი ეროვნული ეკონომიკა ადარდებს, იქ არაფერი ესაქმება”. მისი თქმით, ეს “ყველას სუვერენული საქმეა”. მისი თქმით, ვისაც ევროკავშირში შესვლა სურს, “კარგი იქნებოდა კონკრეტული ციფრები ენახათ და არა მხოლოდ ლოზუნგები იძახონ”.
“ჩვენ საქართველოსთან ამის შესახებ არაერთხელ გვილაპარაკია. არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არქონის მიუხედავად. მაგრამ ჩვენ ვაშენებთ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივი სარგებლიანობის საფუძველზე. მიმდინარეობს დიალოგი ამ მიმართულებით.” – თქვა ზახაროვამ.
“მოსკოვი და თბილისი მიისწრაფვიან ბიზნესისა და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გააქტიურებისკენ, თანმიმდევრულად მუშაობენ ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით, რაც რუსი და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურება” – თქვა ზახაროვამ და დაამატა, რომ რუსეთმა უკვე “პრაქტიკაში აჩვენა” ურთიერთობების მსგავსად განვითარებისკენ სწრაფვა, სურვილი და “კეთილი ნება”.