გაექცა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი სანქციებს – “ოცნებას” ექსპრემიერზე საუბარი არ სურს

გაექცა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი სანქციებს – “ოცნება” ექსპრემიერზე არ საუბრობს.

“პირველებმა” ივანიშვილის გუნდის წევრებს დაუსვა შეკითხვა, რატომ არ ახსენებენ ღარიბაშვილს, ან რატომ არ გადაუხადეს უწინდებურად მადლობა.

ივანიშვილის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დღეს მხოლოდ ის თქვა, რომ “ექსპრემიერის” გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ”.

ადამიანმა გააკეთა განცხადება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის განცხადებას. რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილი იყო და დარჩება “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერად, მხარდამჭერად და ა.შ. ამიტომ, პატივი ვცეთ ადამიანის გადაწყვეტილებას. თქვენი ორგანიზაციიდანაც ხომ მიდი-მოდიან ადამიანები?. გთხოვთ, კოშმარულ სიზმრებს შეეშვით და ილუზიებს შეეშვით. დაანებეთ თავი, – უთხრა “პირველებს” მაჭარაშვილმა.
ივანიშვილის გუნდის კიდევ ერთი წევრი გიორგი კახიანი ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის პოსტიდან წასვლა დასავლეთის სანქციებს არ უკავშირდება. მისი თქმით, “ოცნების” ნაბიჯებს ვერანაირი სანქციები ვერ შეცვლის.

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ არავის მადლობა არ უთქვამს? ირაკლი ღრაიბაშილი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ირაკლის, რა თქმა უნდა, წარმატებასაც ვუსურვებ მომავალში. რა სანქციებზეა საუბარი მაშინ, როდესაც იმის უკან რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის და თუნდაც ის პირები, ვინც დასანქცირდნენ, არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და მშვიდობაზეა საუბარი. ასე რომ, არანაირი სანქცია იმ გადაწყვეტილებებს და იმ მოქმედებებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, ვერ შეცვლის, – ამბობს გიორგი კახიანი.
ქართული პოლიტიკიდან ირაკლი ღარიბაშვილი სამი დღის წინ წავიდა, თუმცა ამ დრომდე ივანიშვილის გუნდის არცერთ წევრს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ “ოცნებაში” ახლა დიდი რღვევა დაიწყო და არ გამორიცხავენ, რომ წასვლების სერიები გაგრძელდეს. კულუარებში საუბრობენ იმასაც, რომ პოსტის დასატოვებლად შს მინისტრი ვახო გომელაურიც ემზადება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights