“გუშინდელი დღე ტერორი იყო” – ასე აფასებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას საქართველოს ყოფილი პირველი ლედი.
მაკა ჩიჩუა ამბობს, რომ 29 აპრილს განვითარებული მოვლენები ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ერთგვარი გაფრთხილება იყო იმის თაობაზე, რომ თუ მოქალაქეები “ოცნების” მითითებისამებრ არ მოიქცევიან, რეჟიმი საზოგადოების დატერორებას გააგრძელებს.
”გუშინდელი დღე ჩვეულებრივი ტერორია არა მარტო იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც შევარდნენ, არამედ დანარჩენ ყველასაც გვაფრთხილებენ. გვაფრთხილებენ, რომ თუ წესიერად არ მოიქცევით, როგორც ჩვენ მიგითითებთ, იქნება ასეთი ტიპის შემოვარდნები. ჩვენ ამის უფლება გაქვს. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც მშვიდობა უნდა და მშვიდობის ფონად, ჩვენ პერიოდულად ხალხი უნდა ვატეროროთ. ეს არის წარმოუდგენელი. ნელ-ნელა აქამდე მივედით, რომ ჩვენს მიერ დაქირავებულ ადამიანებს ამის გაკეთება შეუძლიათ. გადაწყვიტეს ყველა დაჩაგრონ, დაატერორონ.” – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დილა თბილისში ჩხრეკების სერიით დაიწყო – 29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს.