რას გულისხმობს ევროკავშირის გეგმა B

ევროკავშირი გეგმა B-ზე მუშაობს – კაია კალასი აცხადებს, რომ ევროპულ სახელმწიფოებს ექნებათ ალტერნატიული გეგმა იმ შემთხვევისთვის თუ ამერიკა სამშვიდობო მოლაპარაკების სივრციდან გავა – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

“საკითხი იმაზეა, ენდომებათ თუ არა ამერიკელებს გასვლა. ვხედავთ ნიშნებს, რომ ისინი ფიქრობენ უნდა მიატოვონ თუ არა უკრაინა და ეცადონ თუ არა რუსეთთან შეთანხმების მიღწევას, ვინაიდან ეს რთულია”, – განაცხადა კალასმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ  მთავარი მიზანი ახლა  ორბანის გადარწმუნება უნდა იყოს. მისი თქმით, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის შესანარჩუნებლად “გეგმა B” არსებობს თუ უნგრეთი ივლისში მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის ეკონომიკურ სანქციებს დაბლოკავს.

კალასი მიიჩნევს, რომ მთავარია რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები ძალაში დარჩეს და ამ მხრივ როგორც თავად ამბობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მათ შორის ვაშინგტონთანაც.

“ასევე “გეგმა B” არსებობს, მაგრამ “გეგმა A”-სთვის უნდა ვიმუშაოთ; ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, “გეგმა B”-ზე კონცენტრირდები და ეგ ხდება”, – განაცხადა კალასმა და აღნიშნა, რომ ასევე საუბრები მიმდინარეობს ვაშინგტონთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დასავლური სასანქციო რეჟიმი ძალაში დარჩეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ დედაქალაქში საუბრები მიმდინარეობს, გაჰყვნენ თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას თუ ის უკრაინას მიატოვებს და რუსეთთან ურთიერთობებს გადატვირთავს.

“ნათელია, რომ ასეთი საუბრები გარკვეულ წევრ სახელმწიფოებში მიმდინარეობს და შესაძლოა იმედებიც აქვთ, რომ რეალურად აღარ გვჭირდება [უკრაინის] მხარდაჭერა. მაგრამ ეს ასევე ყალბი იმედია, ვინაიდან თუ რუსეთს შეხედავთ, რომელიც თავისი მშპ-ის 9%-ის ინვესტირებას სამხედრო სფეროში ახდენს, მათ მისი გამოყენება კვლავ ენდომებათ”, – განაცხადა კალასმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share