შსს ოპოზიციური პარტიების “ახალის” და “გირჩი-მეტი თავისუფლების” პრესსამსახურების პატიმრობას ითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციური პარტიების – “ახალის” და “გირჩი-მეტი თავისუფლების” პრესსამსახურების, მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილისთვის პატიმრობას ითხოვს.

მოსამართლე სათათბიროთ არის გასული. სასამართლო პროცესი დღეს დილიდან მიმდინარეობს.

მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან.

“იმედი მაქვს, რომ ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს მოსამართლე, რადგან მართლა პრეცედენტი იქნება – ადამიანი ადმინისტრაციული პატიმრობით გაუშვან, მაშინ როცა იმ ადამიანზე ედავებიან შეურაცხყოფას, რომელიც იმ დღეს საერთოდ არ უნახავს. ვიმყოფებოდი ზედა სართულზე. შემდეგ უკვე როცა ჩამოვედი და გამოვედი მირიან ქავთარაძეს უკვე დატოვებული ჰქონდა შენობა. მოწმეები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს ფოიეში დამინახა. შსს იმიტომ ითხოვს ჩვენს პატიმრობას, რომ ეს არის დაკვეთა. მე ვარ ერთ-ერთი მთავარი მოწმე საბა სხვიტარიძის საქმეზე. დაშინებაზე მეტად შურისძიების მცდელობაა”, – თქვა ბაღათურიამ.

კერძოდ, 23 აპრილს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის საბაბით 3 ადამიანის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. ესენი არიან: პარტია “ახალის” პრესსამსახური მირანდა ბაღათურია, “გირჩი – მეტი თავისუფლების” პრესსამსახური ანა ყურაშვილი და პოლიტპატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმა, თორნიკე სხვიტარიძე. მირიან ქავთარაძე ის პოლიციელია, რომელზე თავდასხმის ბრალდებითაც დააკავეს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი საბა სხვიტარიძე.

ბაღათურიაც და ყურაშვილიც ამბობენ, რომ პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტი არ ყოფილა, რადგან მაშინ, როცა ქავთარაძე დარბაზს ტოვებდა, ისინი ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share