“კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს”-დღეს იური ჩიხლაძის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა.
ოზურგეთის კოლორიტი 47 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
ფოლკლორულ-ინსტრუმენტალური ანსამბლ “ედელვაისის” შემქმნელი, არაჩვეულებრივი ლექსების ავტორი და იუმორის მქონე ადამიანი იყო. უახლოესი მეგობარი კახა ჩავლეშვილი იური ჩიხლაძის შესახებ რამდენიმე ისტორიას იხსენებს და “იურა მასწავლებლის” გამორჩეულობაზე “გურიის მოამბესთან” საუბრობს:
“პრაგმატიზმისაგან სრულიად თავისუფალი და უსაშველოდ საინტერესო ადამიანი იყო იური ჩიხლაძე და ამაზე ბევრი, რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ყველაზე ხშირად მახსენდება და მენატრება მის მიერვე შექნილი ირიეალური სამყარო, რომელშიც მასთან ერთად ცხოვრება ყველასათვის სასურველი იყო. ჩემი აზრით ამ სამყაროში განსაკუთრებული ადგილი ეკავა მისივე წარსეულის გაიდიალიზებულ „გმირებს“, საიდანაც მის მეგობრებს რამდენიმე პერსიონაჟი ძალიან მოგვწონდა, ერთ-ერთი ასეთი „პერსონაჟი“ გახლდათ მისი ყოფილი მუსიკის მასწავლებელი ანუ როგორც თავად უყვარდა თქმა „იურა მასწავლებელი“, იგი დიდ პატივს სცემდა ამ ადამიანს, მისი გადმოცემით – „იურა მასწავლებელი“ იყო „მართლაც მასწავლებელი“, უსაშველოდ ბავშვებზე თანგადაყოლილი და მოსიყვარულე კაცი. მის გარშემო ყველამ, განსაკუთრებით კი მისმა მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ სადღაც არსებობდა ეს ბუბბერაზი ადამიანი – „იურა მასწავლებელი“, რომელიც არავის არ გვენახა, მაგრამ კარგად ვიცნობდით იური ჩიხლაძის მიერ შექმნილ მის პორტრეტს.
ვინაიდან „იურა მასწავლებლის“ ამბავი ცოტათი დაუჯერებლად კარგი იყო და თანაც არავის არ გვყავდა ეს კაცი ნანახი, ვკითხეთ მართლა ასეთი იყო თუ არა ეს კაცი, მანაც გულწრფელად ნაღვლინი სახით გვითხრა – მუსიკალური ათწლედიან გამომაგდეს, ასე მითხრა შენგან არაფერი არ გამოვაო. ეს ამბავი შოკის მომგვრელი იყო ჩვენთვის, მაგრამ ბევრიც აღარ გაგვიგრძელებია საუბარი და შემდეგშიც მისი სამყაროს გმირი „იურა მასწავლებელი“ ისევე გმირად დარჩა.
აქ საინტერესო იყო იურის ბავშვობიდან გამოყოლილი სევდა აუხდენელ ოცნებაზე, რომ „იურა მასწავლებელთან“ უნდოდა ესწავლა, ამასთანავე თავადვე ამბობდა, რომ ათწლედიდან გამოგდებამ ახალი ძალა მისცა მისი საყვარელი საქმე გაეგრძლებინა და გამხდარიყო ისეთი როგორც იყო.
მერე ასეთიც იყო: ძალიან დიდი ხნის შემდეგ გაიგო, რომ უკვე მოხუცი „იურა მასწავლებელი“ კიბოთი დაავადებული ძალიან ცუდად იყო, მხოლოდ ამის შემდეგ მოძებნა და ნახა იურიმ მისი „იურა მასწავლებელი“, მერე როგორც მას ემოციების მოზღვავებისას ჩვეოდა ცრემლიანი თვალებით მიყვებოდა – ჯერ ვერ მიცნო, მერე მე მგონი გამიხსენა გულში ჩამიკრა და ორივემ დიდხანს ვიტირეთო.
შეხვედრის შემდეგ ძალიან ხშირი კონტაქტი ჰქონდა ,,იურა მასწავლებელთან“ და მისი „ცალმხრივი სიყვარული“ უკვე „ორმხრივი“ გახდა და ასე უყვარდათ ერთმანეთი ორივეს სიცოცხლის ბოლომდე.”- იხსენებს კახა ჩავლეშვილი.