,,პირველი სამკითხველოები ლანჩხუთში“

ამონარიდი თემიდან: ,,პირველი სამკითხველოები და წიგნთსაცავები ლანჩხუთში“.1892 წელს გაიხსნა პირველი სამკითხველო სოფ. აკეთში თედო სახოკია წერდა: ,, აკეთში დაარსდა გურიის სახალხო სამკითხველო, თუ არ ვცდები ეს წიგნსაცავი პირველი იყო არამც გურიაში, არამედ მთელი საქართველოსათვის.“ აკეთელებმა სამკითხველო შემოწირულობებით დაარსეს. იქაურ მებატონეებთან, თავდგირიძეებთან ხშირად იყრიდა თავს საქართველოს განათლებული ინტელიგენცია. მათ ესმოდათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აუცილებლობა და აქედან გამომდინარე ამ საქმეს ყოველნაირად უწყობდნენ ხელს. შემოწირულობები კეთდებოდა, როგორც წიგნების სახით, ასევე ფულადი თანხის სახით. ამ შესანიშნავი წიგნსაცავით სარგებლობდა მთელი გურია. ეს იყო გურიის ინტელიგენციის შტაბი. ბიბლიოთეკაში უფასოდ მუშაობდნენ ყოფილი სამხედრო პირები ძმები ბაჟუნტიშვილები. ,,გურიის პირველი წიგნსაცავი“ ვერ აუდიოდა ხალხის სიმრავლეს, ეს თავისთავად სასიამოვნო ფაქტი იყო. მალევე დაიწყეს სხვა სოფლებშიც წიგნსაცავების გახსნა. 1892-96 წლებში წიგნსაცავები გაიხსნა ჩიბათში, ნიგოითში, აცანაში, ლესაში, სუფსაში და სხვ. დაბა ლანჩხუთში 1893 წელს გახსნილა სამკითხველო, რომელიც სხვადასხვა მიზეზთა გამო მალევე დახურულა. ამ ფაქტს ადასტურებს იმავე წლის 22 ივნისს ,, ლანჩხუთის შემნახველ გამსესხებელი ამხანაგობის კრება“, სადაც სიტყვით გამოსულა ბანძელაძე, რომელმაც გულისტკივილით განაცხადა: ,,სამკითხველო დაგვიხურეს, ახლა როგორც გავიგე გამგეს თხოვნა გაუგზავნია და მგონია სამკითხველოს ისევ ვეღირსებით. ჩვენს სამკითხველოს ჰქონდა წიგნის მაღაზია“. კრებაზე დადებითად გადაწყდა ეს საკითხი და იმავე წელს აიგო სამკითხველო და მაღაზია-პავილიონი… სურათებზე გამოსახულია აგარაკისა და ჩოლობარგის სამკითხველოები. აღსანიშნავია, რომ ყველა სოფელში სამკითხველოები იყო ერთი ტიპის.

ინფორმაციას ფეისბუკის გვერდზე ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share