ჩხაკაურასა და მთისპირის საჯარო სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა. მიმდინარე სასწავლო სემესტრის პირველი ლექცია სათაურით „მდგრადი ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება“ მოწვეულმა ტრენერმა ნინო მაღრაძემ წაიკითხა. ნინო მაღრაძე კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) კომერციული ხელმძღვანელია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გარემოსდაცვითი განათლებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ამ ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება მდგრადი განვითარების 2023 წლის მიზნებზე (SDG), განახლებადი ენერგიის მნიშვნელობაზე და ენერგიის ჭკვიან მოხმარებაზე საუბარი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადგილობრივ კონტექსტზე – როგორ შეიძლება თითოეულმა მოქალაქემ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, საკუთარი წვლილი შეიტანონ გლობალური ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევაში. ტრენინგის მსვლელობისას გამოყენებული იყო პრეზენტაციები, გაიმართა საინტერესო დისკუსიები და კითხვა-პასუხის სესიები. მონაწილეებმა იმსჯელეს საკუთარ ყოველდღიურ გამოცდილებაზე, გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. ტრენინგის მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიებში, გამოავლინეს მაღალი მოტივაცია და ინტერესიანი დამოკიდებულება განიხილული თემების მიმართ.
„მსგავსი პროექტები დიდ გავლენას ახდენს მომავალი თაობის ეკოლოგიურ/გარემოსდაცვით ცნობიერებაზე და მათ ქცევაზე. ბავშვებისთვის ენერგეტიკის თემების ასე ადრეულ ასაკში გაცნობა ზრდის მათი პასუხისმგებლობის გრძნობას და შეიძლება იყოს სტიმული სამომავლო კარიერული ინტერესებისთვისაც. ბავშვების აქტიურობამ და გააზრებულმა კითხვებმა ცხადყო, რომ მათ უკვე ჩამოუყალიბდათ მნიშვნელოვანი ცოდნა ამ სფეროში — რაც ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში გაწეული შრომა ნამდვილად გამოისახა შედეგში. მსგავსი ტრენინგები არა მხოლოდ ცოდნას, არამედ მოტივაციასაც აძლევს მოსწავლეებს, თავად გახდნენ ასეთი ცვლილებების მამოძრავებელი ძალა“ – განაცხადა ნინო მაღლაძემ ჩვენთან საუბრისას.