საია – სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა

სასამართლომ აქტივისტის, თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა საიას შუამდგომლობა და შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების მოქმედება, რომელიც შეეხება თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევებას, შეჩერებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 30 აპრილს, თემურ ქათამაძეს საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა გახდა 2025 წლის 29 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თემურ ქათამაძისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უკანონო და დაუსაბუთებელი უარი.

საიამ თემურ ქათამაძის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა გაძევების გადაწყვეტილებაც და დამატებით მოითხოვა ამ საქმის განხილვამდე გაძევების პროცედურების შეჩერება.

სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე 30 დღის განმავლობაში განიხილავს წარდგენილ სარჩელს“,-აღნიშნულია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share