საქართველოდან საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების საკითხი გადავადდა.
ამის მიზეზი კი, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს, კოვიდპანდემიის გამო ქვეყნებს შორის მობილობის შეზღუდვა გახდა.
„საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ – შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების მიზნით მიმდინარეობს სამუშაოები ფრანგულ მხარესთან, საიმისოდ, რათა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობითა და ჩართულობით უფრო აქტიური გახდეს პროცესი. თუმცა, ხსენებული შეთანხმება დღესაც აძლევს საშუალებას ინდივიდუალურ, კერძო პირებს ისარგებლონ დოკუმენტში გათვალისწინებული შესაძლებლობებით.
2020 და 2021 წელი, კორონა პანდემიის გათვალისწინებით, ცხადია რომ არის წლები, როდესაც გადაადგილება/მობილობა განსაკუთრებით იყო/არის შეზღუდული. საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმება პირდაპირ არის კავშირში ზემოხსენებულ ფაქტორებთან და შესაბამისად მოახდინა გავლენა პროცესის ტემპსა და მოლოდინებზე.
თავად ის ფაქტი, რომ მიუხედავად არსებული ვითარებისა, ცირკულარული, დროებითი ლეგალური მიგრაციის სახელმწიფოთაშორისი სქემების განხორციელება საქართველომ სწორედ ამ რთულ პერიოდში დაიწყო, ეს ხაზს უსვამს მსოფლიოს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების მხრიდან ნდობასა და პარტნიორობის მაღალ ხარისხს”- განუცხადეს დასაქმების სააგენტოში ,,ბიზნესპრესნიუსს“.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მოქალაქეებს, ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა გერმანიაში, ისრაელსა და საფრანგეთში აქვთ. ამ ეტაპზე გერმანიაში დროებით სეზონურად დასაქმების პროექტი მიმდინარეობს და საქართველოს მოქალაქეებს გამგზავრებაც შეუძლიათ. რაც შეეხება ისრაელს, პროგრამა 2021 წლის 12 აპრილს ამოქმედდა. თუმცა დღემდე ვერ შეირჩა კანდიდატი, რომელიც ისრაელში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში სამუშაოდ წასვლის მიზნით სამინისტროში 125 განაცხადია შესული, მაგრამ აპლიკანტებმა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება იგეგმებოდა მშენებლობაზე, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში; ელექტრო მრეწველობაში; ლოჯისტიკასა და სხვა სფეროებში.