“რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწნის კაცს?…ესაა რეაქცია შეურაცხყოფაზე და იმაზე მიუთითებს, რომ კაცი მორალურ საზღვრებს სერიოზულად გასცდა”-თამთა მელაშვილი

რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწნის კაცს? თქვენი აზრით, რატომაა მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარი და მისი უკანონო პატიმრობით, რისი მცდელობა აქვს რეჟიმს? – ამ კითხვებზე საკუთარი მოსაზრების გაზიარება „ბათუმელებმა“ სთხოვა მწერალ თამთა მელაშვილს.

თამთა მელაშვილი: „ქართულ კულტურაშიც და ყველა კულტურაშიც, მეტ-ნაკლებად ყველა კონტექსტში, ქალისგან კაცის სილის გაწვნა, მე მგონია, რომ ერთნაირად იკითხება. როგორც წესი, ესაა რეაქცია შეურაცხყოფაზე და იმაზე მიუთითებს, რომ კაცი მორალურ საზღვრებს სერიოზულად გასცდა.

ასე იყო მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც.

მზიას მხრიდან სილის გაწვნა იყო შეურაცხყოფაზე რეაქცია და პოლიციელი დგებუაძე და ზოგადად, ივანიშვილის რეჟიმის სამსახურში მყოფი ძალოვნები დიდი ხანია ნამდვილად გასცდნენ ყველანაირ საზღვარს, როცა მოქალაქეებს დევნიან, სცემენ, აშანტაჟებენ, სახლში უვარდებიან, აჯარიმებენ, ცილს სწამებენ და რაღაც ფარსს მართავენ, რომელსაც სასამართლო პროცესი ეწოდება.

გარდა ამისა, ამ საქციელით, მგონია, რომ დგებუაძემ კითხვის ნიშნის ქვეშ სერიოზულად დააყენა ქართულ კულტურაში კაცობის და კაცურობის განმსაზღვრელი წესები. იმიტომ, რომ სილის გაწვნის შემთხვევაში, კულტურულად მიღებული მოლოდინი ჩნდება, რომ კაცი ამას ღირსებით და თვითკონტროლით უპასუხებს, დგებუაძემ კი საპასუხოდ ტანტრუმი დადგა. ის დღესაც აწითლებულ ლოყაზე ლაპარაკობს იმიტომ, რომ ესაა რეჟიმის დავალება. ამ დავალების საფუძველზე ცდილობს რეჟიმი მზიას დასჯას.

ასეთი დავალების შესრულებისას დგებუაძე ნამდვილად არ გრძნობს კომფორტს, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ მეტი დისკომფორტი მტირალას, მატყუარას, მონის სახელის დამკვიდრებაა. ამ დაღით იცხოვრებს და ასე შევა ისტორიაშიც.

…ხელოვნება რეალური ცხოვრების სარკეა და მან ნამდვილად შეიძლება მეტი სიმძაფრით დაგვანახოს უსამართლობა. ამ უსამართლობას ვუცქერთ ახლა მზიას და სხვა პატიმრების სასამართლო პროცესებზე.

ამ წუთებში, მეც თქვენს მსგავსად, ვადევნებ თვალს მზიას პროცესს და ბატონ დგებუაძეს ნამდვილად ვეთანხმები იმაში, რომ მან სასაცილოდ და სამასხროდ გაიხადა თავი. ამაში ნამდვილად ვერავინ შეედავება, რადგან ესაა ერთადერთი სიმართლე, რაც მან პროცესზე თქვა.

კი, ნამდვილად გახდა სილის გაწვნისგან მის მიერ „განცდილი ტკივილი“ სასაცილო საზოგადოებაში, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის შეთხზული ტკივილი და არაფერს წარმოადგენს  იმ ნამდვილ ტკივილთან შედარებით, რასაც უკანონოდ დაპატიმრებულები და მათი ახლობლები განიცდიან.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. ის ისჯება თავისუფალი სიტყვისთვის, სიმამაცისთვის, ღირსებისთვის, სინათლისთვის. შეუძლებელია ტყუილზე, ფარსზე, შიშსა და მომხვეჭელობაზე აგებულმა სისტემამ ეს სინათლე დაამარცხოს“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share