45 წელიწადი ოზურგეთის თეატრში

სცენაზე გასვლის წინ პულსი უნდა აგიჩქარდეს – ასე ამბობს მსახიობი თემურ კვირკველია, რომელსაც 19 ოქტომბერს  70 წელი შეუსრულდა.  ამ წლებს ამშვენებს მსახიობის განვლილი გზა, მოპოვებული ავტორიტეტი და სიყვარული. ცხოვრების ნახევარზე მეტი მან ოზურგეთის თეატრთან ერთად გაატარა, თეატრის „ოქროს ხანა“ 80-იან წლებში, 90-იანების მძიმე პერიოდი – გაყინული, მიზერული ხელფასები,  გათოშილი შენობის სუსხი, დღევანდელი, რეაბილიტირებული, ზღაპრული გარემო, სადაც პირვანდელი გულისყურით და პასუხისმგებლობით ქმნის ახალ სახეებს  – ასე გაილია თეატრისა და თემურ კვირკველიას ცხოვრების 45 წელწადი.

თემურ კვირკველია: „ – ოზურგეთის თეატრში ვმუშაობ 46-ე წელიწადია. 1971- 73 წლებში ვსწავლობდი სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში თეატრალური რეჟისურის განხრით. ორი წელიწადი სიღნაღის სახალხო თეატრის მსახიობი ვიყავი და 1975 წლიდან ოზურგეთის თეატრში ვარ. მახსოვს ჩემი დებიუტი, მთავარი როლი ვითამაშე სპექტაკლში „სიყვარულის ძალა“,(რეჟისორი ს. ახალაძე) ოზურგეთის თეატრის კორიფეებთან – რომან ლომინაძესთან, მიშა წიგნაძესთან, ვლადიმერ ბაჯელიძესთან, ლამარა თურმანიძესთან და სხვებთან ერთად. მახსოვს მრავალი როლი, გასტროლი, მთავარი თუ ეპიზოდური სახეები. ზოგი პერსონაჟი  ჩემთვის გამორჩეულია: მოხუცი მხატვარი („მახე“, რ. ტომა,  ვ. ჩიგოგიძე), დათიკო (ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“, სპექტაკლი გივი ახმეტელმა აღადგინა), სანდრო („მეფე ლირი თავშესაფარში“ ო. ბაღათურია, ო. კუტალაძე), რომელმაც მამაკაცის როლის საუკეთესოდ შემსრულებლის წოდება მომიტანა. მიყვარს პართენა წვერა („ჭკვიანი გიჟები“ დუბაძის ნაწარმოებების მიხედვით ა. მითაიშვილის სცენოგრაფიით, შ. ბაბილოძე), რომელიც სცენოგრაფმა გამოიგონა, ი. გოგებაშვილი („იავნანამ რა ქნა?!“, ი. გოგებაშვილი, კ. გურგენიძე) გოგი („თეფში“, ზ. პაპიაშვილი, ი. გურგრნიძე), ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ემოციური ადამიანი ვარ, ცოტა მწყინს და ცოტა მიხარია. სცენაზე დგომისას საზოგადოებისაგან მიღებული ტაში არის ყველაზე დიდი სიხარული, ბედნიერება. ალბათ ჩემი კოლეგებისვისაც ასეა.

  • მსახიობობა რას მოითხოვს თქვენგან?

გერმანელების ნათქვამია წესრიგი ცხოვრების ნახევარიაო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომზადებული შევხდე ჩემს ყველა გასვლას სცენაზე. დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები გრიმის, კოსტიუმის მორგებას, მეტყველების ვარჯიშებს, თეატრში დროულად მოსვლას.

დედაჩემი პედეგოგი იყო, მისი დარიგება მახსოვს, დილას გადამეორება საუკეთესო შედეგს იძლევაო და მეც ყოველ დილას ვიმეორებ ტექტს. ასე რომ, სამსახურისაკენ მომავალს, ფეხით ორ კილომეტრამდე გზას გავდივარ, ხშირად ამდევნებია ჩემი პერსონაჟები, ზოგჯერ ხმამაღლაც წამომცდება ფრაზა. ადრე მიადვილდებოდა ჩემი და კოლეგების როლის დამახსოვრება. ახლა, ასაკთან ერთად, მეტ ძალისხმევას ვიჩენ, ვფრთხილობ.  ჩემი აზრით, თუ სცენაზე გასვლის წინ პულსი თუ არ აგიჩქარდა, არ განიცდი, ისე  ვერ ითამაშებ კარგად.“

თემურ კვირკველიას ორმოცდახუთი წლის მანძილზე ბევრი ჯილდო და მაყურებლის აპლოდისმენტები მიუღია. გამოარჩევს ღირსების მედალს და ევტროფი თალაკვაძის სახელობის სიგელს. ევტროფი თალაკვაძე ოზურგეთისა საერთოდ, ქართული თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი იყო.

ბატონი თემური თეატრის კოლორიტული ანსამბლის „ბერმუხა“ წევრია, რომელიც ძალიან პოპულარულია არა მარტო გურიაში. თავად მოკრძალებულად აფასებს თავის შესაძლებლობებს:

„ – სიმღერა ბავშვობიდანვე მიყვარდა, დედა, მამა და ბაბუა, თეიმურაზი, მღეროდნენ. ბაბუაჩემი ცნობილი ლოტბარი იყო, აჭარაში ამ დღეებში მის 120 წლისთავს აღნიშნავენ. მიყვარს სიმღერა და ვმღერივარ. სიმღერას ჩვენს თეატრში ცნობილი ლოტბარები გვასწავლიდნენ, უცხოეთში გასტროლებისას ჩვენი ანსამბლის კონცერტები ცალკე იმართებოდა. ხშირად ვმონაწილეობთ სხვადასხვა ღონისძიებაში, რამდენიმე კლიპებშიც გადაგვიღეს. ოზურგეთის თეატრი ალბათ ამ ანსამბლის ტრადიციას შეინარჩუნებს. ძალიან გვანებივრებს მაყურებელი, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში იგრძნობა ეს.“

მსახიობის შვილები, ეკა და გიორგი, მედიკოსები არიან, ისინი გერმანიაში ცხოვრობენ. მეუღლე – გულნარა გაბედავა პროფესიით ჟურნალისტია.

70 და 45! დიდებული ციფრებია, მაშინ როცა საქმე სწორად განვლილ ცხოვრების წლებს ეხება. ვულოცავთ ბატონ თემურს და მის ოჯახს საუკეთესო სურვილებით და როგორც თვითონ ამბობს, ყველაზე დიდი ჯილდოს, მაყურებლის აპლოდისმენტების სიმრავლეს ვუსურვებთ სხვა ცხოვრებისეულ წარმატებებთან ერთად.

ლია კილაძე

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share