ვიქტორ წილოსანი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ხმალაძე, ალექსანდრე ჭიკაიძე – როგორ მდიდრდებიან “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნები და მათი გარემოცვა? საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ან საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში ყველას დიდძალი ქონება უჩნდება. ერთ-ერთი, ვისი ქონებაც ოპოზიციას კითხვის ნიშნებს უჩენს, ვიქტორ წილოსანია – თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი. კითხვები გააჩინა ლისის უბანში მშენებარე სამსართულიანმა სახლმა, რომელიც წილოსანის 22 წლის შვილზეა რეგისტრირებული.
მილიონიანი ქონება ყოფილი მაღალჩინოსნის სტუდენტი შვილის სახელზეა რეგისტრირებული. შაბათის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ სასახლის ასაშენებელი ტერიტორია ელიტურ უბანში სესხის გარეშეა შეძენილი. რეესტრში არ იძებნება იპოთეკური სესხის ხელშეკრულება მშენებლობისთვის. ნასყიდობის ხელშეკრულებებით დგინდება, რომ სტუდენტმა სანდრო წილოსანმა ბოლო 3 წელში მხოლოდ მიწის 3 ნაკვეთში ნახევარ მილიონამდე დოლარი გადაიხადა.
როგორ შეძლო სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელმა მილიონიანი ქონების შეძენა იმ ფონზე, როცა მის მიერ შევსებული პირველი დეკლარაციით მას არც მის სახელზე რეგისტრირებულ და არც შვილზე გაფორმებულ კომპანიებში ბრუნვა არ ჰქონდა ანუ შემოსავალი არ უფიქსირდებოდა? მერიიდან წასვლის შემდეგ კი დეველოპერული კომპანია დააფუძნა და ახლა პარტნიორს ეძებს. “ქართულ ოცნებაში” არც წილოსანის და არც სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების შემოსავლებთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ.