კოტე იოსელიანის გატაცების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავაც დაიბარეს.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, პოლიციაში მისვლას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.
”გამოკითხვაზე დამიბარეს. მეც დამირეკეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან. ეს იგივე დეპარტამენტია, საიდანაც ზარი მიიღო კოტემ დღის განმავლობაში. მათ მთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა, თუმცა ბუნებრივია, მეც იგივე პასუხი გავეცი, რაც მათ კოტესგან მოისმინეს, რომ ჩვენ მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დავიკითხებით. ჯერ დრო არ არის ცნობილი. მე სამი დღის განმავლობაში არ ვიქნები საქართველოში, რადგან დიდი ხნის წინ მქონდა დაგეგმილი ვიზიტი ბრიუსელში. ბრიუსელშიც ვისაუბრებ ამ თემასთან დაკავშირებით.” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ
დღეს, 9 ივნისს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა– მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.
ბოკუჩავა დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა კოტე იოსელიანის გატაცება და შემდეგ მასზე ფსიქოლოგიური წეზოლის განხორციელება.
ენმ-ის ლიდერის თქმით, იოსელიანი გატაცების შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი ქმრის „ძალადობრივი გატაცების მიზეზი“ მისი გაჩუმებაა.
8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის.
ვიდეო-მიმართვაში იოსელიანი ამბობს: “რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი”.