“დავდგეთ მედიის გვერდით, სანამ გვიან არ არის” – 19 ივნისს, მედიის მხარდამჭერი აქცია დაანონსდა

19 ივნისს, მედიის მხარდამჭერი აქცია და მსვლელობა დაანონსდა.

“ვიცავთ მედიას – ვიცავთ თავისუფლებას” – ორგანიზაცია “დამკვირვებლები” საზოგადოებას ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

13:30-დან 14:00 საათამდე პერიოდში დაგეგმილია შეკრება ავლაბრის მეტროსთან. 14:00 საათიდან გაიმართება მსვლელობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისკენ. დაგეგმილია სიტყვით გამოსვლებიც.

“საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძლეზე დაიწყო მორიგი შეტევა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ამ ცვლილებების საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ეძლევა უფლება:

  • შეზღუდოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება;
  • დააწესოს ცენზურა მედიასაშუალებებზე;
  • საჭიროების შემთხვევაში, შეაჩეროს მაუწყებლობის ლიცენზია და ჩაახშოს კრიტიკული ხმა.

უკვე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება სამი მთავარი კრიტიკული ტელევიზიის – „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ – წინააღმდეგ. არსებობს რეალური რისკი, რომ ამ ტელევიზიებს შეეზღუდოთ მაუწყებლობა და და დაექვემდებარონ პოლიტიკურად მოტივირებულ ცენზურას.

მზია ამაღლობელი, თავისუფალი ჟურნალისტი და სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი, უკანონოდ დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც საჯაროდ გააკრიტიკა ხელისუფლების პოლიტიკა. ის უკვე არის ამ რეჟიმის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი.

მედიის გაჩუმება და დაცენზურება ნიშნავს, რომ ჩვენ, ფართო საზოგადოება, ვრჩებით საინფორმაციო ვაკუუმში.  ეს „საკანონმდებლო“ ცვლილება არ არის მხოლოდ მედიის თავსატეხი!

ეს ბრძოლა გვეხება ყველას. ეს არის თითოეული ადამიანის ბრძოლა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და სიმართლის დასაცავად. დავდგეთ მედიის გვერდით – სანამ გვიან არ არის”, – წერია აქციის აღწერაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights